ISFED-ის დამკვირვებლებმა საარჩევნო კომისიებში ცხრა საჩივარი შეიტანეს

სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებმა საარჩევნო კომისიებში ცხრა საჩივარი შეიტანეს. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს საარჩევნო მასალების გატაცების 1 შემთხვევა (მარტვილის საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბანი), უბანზე აგიტაციის 1 შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველი ლანჩხუთის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა 41 ნომრიანი მაისურით; სამართლიანი არჩევნების ინფორმაციითვე, საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნის სამი ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ, სიღნაღის #1 და #30 უბანზე არასაპარლამენტო ოპოზიციისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები იმყოფებიან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის სტატუსით. ხოლო ასპინძის #1 საარჩევნო უბანზე ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი საარჩევნო უბანზე იმყოფება დამკვირვებლის სტატუსით.

"საარჩევნო კოდექსის თანახმად, კანდიდატს უფლება არა აქვს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში. ასევე კანდიდატს არ აქვს უფლება ჰქონდეს დამკვირვებლის სტატუსი" - აცხადებს ორგანიზაცია და აღნიშნავს, რომ დაფიქსირდა პროცედურის ერთი დარღვევა, რამაც ბიულეტენების ბათილობა გამოიწვია.

"ზუგდიდის ოლქის 89-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში კომისიამ არ მოათავსა საკონტროლო ფურცელი, რის შედეგადაც, პროცესი შეყოვნდა, გაბათილდა 5 ბიულეტენი, საარჩევნო ყუთი განმეორებით დაილუქა და კენჭისყრა გაგრძელდა" - აცხადებს სამართლიანი არჩევნები. 

ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაზე არ დაფიქსირებულა უბნის გახსნის პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დარღვევები. სამართლიანი არჩევნების განცხადებით, უბნის გახსნის პროცესი ასევე კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით ჩატარდა თვითმმართველ ქალაქებშიც. არასამთავრობო აღნიშნავს, რომ არც ერთ ქალაქში არ გამოვლენილა ქვეყნის მასშტაბით გამოკვეთილი ტენდენციებისგან განსხვავებული სურათი. 

კომენტარები