გიგი უგულავას საქმე

საია: უგულავას საქმე სავარაუდოდ მიზანმიმართულად ჭიანურდება

გიგი უგულავას საქმის გადადება მიზნად, სავარაუდოდ, საქმის განხილვის გაჭიანურებას ისახავს - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

საია თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას 2014 წლის 10 ივნისს ჩანიშნულ სასამართლო სხდომას გამოეხმაურა. სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, სხდომაზე გამოუცხადებლობა განპირობებული იყო პროკურორების მივლინებით ბათუმში, სადაც ისინი ესწრებიან სემინარს კიბერდანაშაულის შესახებ და, ამასთან, უზრუველყოფენ სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე. სასამართლომ ბრალდების მხარის დასწრების გარეშე შუამდგომლობის განხილვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია, შესაბამისად, სხდომის განხილვა გადადო.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სხდომის გადადება არ გამომდინარეობს კანონიდან და სავარაუდოდ მიზნად ისახავს საქმის განხილვის გაჭიანურებას.

კანონით, სასამართლო სხდომის გადადება შესაძლებელია მხოლოდ საპატიო მიზეზის არსებობისას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი საპატიო მიზეზს შემდეგნაირად განმარტავს: "საპატიო მიზეზი – სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის გამოუცხადებლობა, რაც გამოწვეულია მისი ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით, სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით, რომლებიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის პროცესზე გამოცხადებას".

ბრალდების მხარის მიერ მოყვანილი გარემოება ვერ ჩაითვლება საპატიო მიზეზად, რამდენადაც ბათუმში მივლინება სხდომის თარიღის პარალელურად არ წარმოადგენს ბრალდების მხარისგან დამოუკიდებელ ობიექტურ გარემოებას, რომელიც სხდომაზე დასწრების შესაძლებლობას გამორიცხავს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბრალდებას ამ საქმეზე ახორციელებდა ოთხი პროკურორი და ობიექტური დამკვირვებლისთვის ნაკლებად დამაჯერებელია, რომ მათ შორის ვერც ერთმა პროკურორმა მოახერხა პროცესზე სახელმწიფო ბრალდების უზრუნველყოფა", - ნათქვამია განცხადებაში.

საია თავის განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ ამ ტიპის შუამდგომლობის განხილვას არ აბრკოლებს მხარის გამოუცხადებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსამართლე უფლებამოსილი იყო არ გადაედო სხდომა და ბრალდების მხარის გამოუცხადებლობის მიუხედავად განეხილა შუამდგომლობა, რამდენადაც საქმის გადადების მოთხოვნა იყო უსაფუძვლო, ხოლო საქმის დროულად განხილვის ინტერესი - მაღალი როგორც დაცვის მხარის, ისე საზოგადოებისთვის (განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის ნორმა, რომლის საფუძველზეც მოხდა პირდაპირი არჩევნებით არჩეული დედაქალაქის მერის თანამდებობიდან გადაყენება).

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებაში მსგავსი მოტივებით პროკურატურის მიერ სხვა გახმაურებული საქმის გაჭიანურებაზე საუბრობს.

”ბაჩანა ახალაიას მიმართ 2013 წელს ასევე დაუსაბუთებლად გაჭიანურდა საქმის განხილვა - პროკურატურამ თანმიმდევრობით რამდენიმე სხდომაზე ვერ უზრუნველყო სახელმწიფო ბრალმდებლის წარმოდგენა, ხოლო მიზეზი ისეთივე ნაკლებად დამაჯერებელი იყო, როგორც მოცემულ შემთხვევაში (პროკურორის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის შესახებ სამედიცინო ცნობა არ იყო პროცესზე წარმოდგენილი და სხვა პროკურორის მიერ საქმის გაცნობის მოტივით სხდომის არაერთხელ გადადების მოთხოვნა)”, - ნათქვამია განცხადებაში.

საია მოუწოდებს პროკურატურას, როგორც მოცემულ, ისე ნებისმიერ სხვა სისხლის სამართლის საქმეში არ გამოიყენოს და თავი აარიდოს საქმის ხელოვნურ გაჭიანურებას, რამდენადაც იგი აზიანებს როგორც კერძო, ისე საჯარო ინტერესს, აჩენს კითხვებს სავარაუდო პოლიტიკური მოტივებით მოქმედების შესახებ, რაც ჩრდილს აყენებს ამ უმნიშვნელოვანესი სამართალდამცავი ორგანოს იმიჯს. 

კომენტარები