საქართველოს პრემიერი

პრემიერი: ყველა გახმაურებული საქმის გამოძიებას ბოლომდე მივიყვანთ

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას ყველა გახმაურებული საქმის ბოლომდე გამოძიებას პირდება. როგორც ბათუმის ცენტრში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, ხალხს სამართლიანობის დამკვიდრება ეჩქარება და ამას ხელისუფლებისგან ითხოვს. 

"ყველგან, სადაც არ ჩავედი, მათი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ დროულად დასრულდეს ყველა გახმაურებული საქმის გამოძიება, ამიტომ მე მინდა შეგპირდეთ ყველას, რომ ყველა ის საქმე, რომლის გამოძიების დასრულებას მოუთმენლად ველოდებით ჩვენ, აუცილებლად იქნება ბოლომდე მიყვანილი და ყველა დამნაშავე იქნება ბოლომდე დასჯილი კანონის შესაბამისად", - მიმართა ღარიბაშვილმა შეკრებილებს.

ე.წ "სამართლიანობის აღდგენის გაჭიანურების" გამო არსებულ უკმაყოფილებაზე პრემიერმა 4 ივნისის პრესკონფერენციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ "ეს მოგვარდება, ცოტა დრო სჭირდება კიდევ. ბევრი საქმეა სასამართლოში წასული, ამ საქმეებზე განაჩენი დადგება ძალიან მალე, უახლოესი თვეების განმავლობაში, მიმაჩნია, რომ წლის ბოლომდე ყველა ეს საქმე უნდა იყოს დახურული; რა ინფორმაციაც მაქვს პროკურატურიდან და სამართალდამცავი ორგანოებიდან, ველოდებით, რომ წლის ბოლომდე ბევრ საქმეზე რეალური განაჩენი დადგება და მოიხსნება განცდა, რომ ვიღაცა რაღაცას არ აკეთებს. სასამართლოც დადგება ღირსეულ სიმაღლეზე".

კომენტარები