სოციალური დახმარება

ენმ: ხელისუფლებამ 100 000-ზე მეტი პირი უმწეოთა დახმარების პროგრამიდან ამოიღო

facebook.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, იმისათვის, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გაცემული დაპირება სოციალური დახმარების გაორმაგების თაობაზე შეესრულებინა, ხელისუფლებამ სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა მკვეთრად შეამცირა და სოციალური დახმარების მიმღებთა სიიდან 100,000-ზე მეტი მატერიალურად უკიდურესად გაჭირვებული ადამიანი ამოიღო. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა თქვა, ეს 2013 წლის საბიუჯეტო დანაკლისის ფონზე მოხდა.

"საქართველოში არ დარჩენილა რაიონი, სოფელი, დაბა, ქალაქი, სადაც ხელისუფლების ამ გამიზნული პოლიტიკის შედეგად ყოველგვარი სახსარის გარეშე არ დარჩენილიყოს ოჯახები, რომლებმაც დღეს აღარ იციან, როგორ ირჩინონ თავი. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე, სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 450 ათასი ადამიანი იყო. ჩვენი ინფორმაციით, დღეს ეს რაოდენობა თითქმის 300 ათასზე დავიდა. იმისათვის, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებისათვის დამალოს, ჯანდაცვის სამინისტრომ ხელისუფლებისათვის ნაცად ხერხს მიმართა და ოფიციალური გვერდიდან გააქრო პენსიონერთა, საციალური დახმარების მიმღებთა, სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა მონაცემთა ბაზები. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლება ასევე მალავს დანაშაულის მატების, აგრეთვე ეკონომიკური ვარდნის რეალურ მაჩვენებლებს", - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნოს სრულყოფილი ინფორმაცია სფეროში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. საპარლამენტო ოპოზიცია აპირებს, ამ სფეროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საზოგადოებას კონკრეტული წინადადებები წარუდგინოს.

კომენტარები