სოციალური დახმარება

2021 წელს საარსებო შემწეობას 174 ათასი ოჯახი იღებდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს პენსია და სოციალური დახმარება 971 648 მოქალაქემ მიიღო, რაც ქვეყნის მოსახლეობის 26 პროცენტია. აქედან, პენსიის (ასაკით პენსია) მიმღები იყო 793 751 მოქალაქე, რომელთაგან 71.5% ქალია, ხოლო 28.5 პროცენტი - კაცი.

სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა საერთო რიცხოვნობამ 177 897 შეადგინა, საიდანაც 34.7% ქალები შეადგენენ, ხოლო 65.3 პროცენტს - კაცები. 

სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 71.9% შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 12.4% - მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 9.9% - ომის მონაწილეები, 5.5% - სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.3 პროცენტს - სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები.

2021 წელს მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 350 959 ერთეული შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ 174 379.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საარსებო შემწეობას 650 000-მდე მოქალაქე იღებს, რაც მოსახლეობის 17%-ს შეადგენს, დახმარებაზე გაცემული თანხის ჯამური მოცულობა 44 მილიონ ლარია.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საარსებო მინიმუმი რეკორდულ ნიშნულამდე, 224 ლარამდე გაიზარდა. საარსებო მინიმუმის ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობას ცხოვრება უძვირდება, რაც, გარკვეულწილად, ინფლაციის მაღალ დონეს უკავშირდება. ამჟამინდელი მონაცემებით, ქვეყანაში ინფლაციის დონე ბოლო ათი წლის უმაღლეს, 13.9%-იან ნიშნულზეა. 

კომენტარები