კრიმინალი

ალექსანდრე ნინუას სახლი დააყაჩაღეს

დიდ დიღომში თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, პატიმრობაში მყოფი ალექსანდრე ნინუას სახლი დააყაჩაღეს. სახლში დაბრუნებულ ძიძას ბინის კარები ღია დახვდა.  მისი თქმით, შესვლისას შავებში ჩაცმული 45 წლამდე პირი დახვდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბინის კარებთან შენიშნა.

ალექსანდრე ნინუას მეუღლის მანანა ყურაშვილის თქმით, მამაკაცმა ბინიდან ძვირფასეულობა წაიღო. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. 

დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ფონი, რომელსაც მედიასაშუალებები კრიმინოგენურ ვითარებასთან მიმართებით ქმნიან, გადაჭარბებულია. 

"არ არის გაუარესებული კრიმინოგენური ვითარება. მინისტრი ჭიკაიძე მუშაობს ეფექტურად, სამინისტროს ყველა თანამშრომელი ძალიან მოტივირებულია და მინდა მადლობა ვუთხრა მათ", - თქვა პრემიერმა.

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ალექსანდრე ნინუას თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნინუას კიდევ ორ საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული. მათგან ერთ-ერთზე, რომელიც ალექსანდრე ნინუასა და დავით კეზერაშვილის მიერ თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში 5 მილიონამდე ევროს გაფლაგვას გულისხმობს, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. ალექსანდრე ნინუას საიდუმლო წარმოების წესების დარღვევასაც ედავებიან. საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს და მასზე, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა. ბოლო ბრალის წაყენებამდე ორი კვირით ადრე, ალექსანდრე ნინუამ ციხიდან წერილი გაავრცელა, რომელშიც აცხადებდა, რომ პროკურატურა მის წინააღმდეგ ახალი საქმის გამოძერწვას ცდილობს.

კომენტარები