საზოგადოება

„როგორ ხართ, პატივცემულო?“

2010 წლის გაზაფხულის მიწურული იქნებოდა, დიდი ხნის უნახავმა ბავშვობის მეგობარმა დამირეკა მოსკოვიდან, მაშინ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში იურიდიული სამსახურის უფროსად ვმუშაობდი. რაღაც ორი საკითხი აინტერესებდა, არცერთი არ განეკუთვნებოდა ჩემი სამსახურის სფეროს, მაგრამ ამის ახსნას აზრი არ ჰქონდა (მაინც უნდა დავხმარებოდი), ამიტომ შევპირდი, რომ გავურკვევდი, მითხრა რომ თუ რამე იქნებოდა საჭირო, პრობლემა არ იყო, „უკან არ დაიხევდა" (შეგახსენებთ, კაცი რუსეთში ცხოვრობდა).

ცოტა ხნის შემდეგ, დარეკა, ორივე საკითხზე პასუხები მომზადებული მქონდა, დეტალურად და ამომწურავად ავუხსენი.

ძალიან კმაყოფილი იყო და სრულიად ბუნებრივად მითხრა, რომ მალე ჩამოვიდოდა და მნახავდა, პატივისცემა ჩემზე იყოსო, დაამატა. ჩემს თხოვნაზე, რომ არ ღირდა და ზოგადად დიდად არ შევწუხებულვარ მის ამ საქმეებზე, მიპასუხა – არა, ისე არ გამოვა ეს ამბავიო.

მოკლედ, დავემშვიდობეთ ერთმანეთს, თუმცა ამ საუბრის მერე ერთი რამ დამჩემდა, დავიმახსოვრო, როგორი სტილით საუბრობენ თანამდებობის პირები (ან როგორ ესაუბრებიან თანამდებობის პირებს). იმიტომ დამჩემდა, რომ მივხვდი, ჩემი დიალოგი დიდი ხნის უნახავ მეგობართან, მისივე გავლენით, სრულებითაც არ გამოვიდა ისეთი, როგორც თანამდებობის პირები (რანგის მიუხედავად) საუბრობდნენ ამ დროს (პრინციპში „ვორდინგი" დღესაც იგივეა)...

საუბრის მერე ოდნავი უხერხულობის განცდა დამეუფლა, გამიკვირდა, როგორ მოხდა ის, რომ ბავშვობის მეგობრის გულწრფელი საუბარი მეუცხოვა და ამ საუბრის მალე დასრულებას შევუწყვე ხელი...
იმისთვის, რომ ამ ამბავში გამოუცდელ მკითხველს გავაგებინო, რისი თქმა მინდა, რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითს მოვიყვან, თუ რა ითვლებოდა (დღესაც ითვლება) ჩვეულებრივ, „სწორ" საუბრად, სხვადასხვა სიტუაციის მიხედვით:

„როგორ ხართ, პატივცემულო?" – ეს ყველაზე გავრცელებული სტილი უეჭველად პროკურატურის, ან რომელიმე ძალოვანი უწყების თანამშრომლისაა (ან ავტორი ზემოთქმულთა აშკარა ზეგავლენის ქვეშ იმყოფება), კითხვაში ერთდროულად იკითხება ძალაუფლებით რაღაცნაირი ტკბობა, ბანალური ირონია (ან თვითირონია), ადრესატისადმი პატივისცემის არცთუ მაღალი მაჩვენებელი და საქართველოს კომუნისტური წარსული (ამ ტონალობაში ნათქვამი „პატივცემულო" უდრის საბჭოთა „ამხანაგოს").

„თუ გეცლებათ, 5 წუთის საქმე მაქვს, მაინტერესებს, როგორ მოვიქცე X საქმესთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს ინტერესი არ დავაზიანო" – ადვოკატი, რომელსაც სახელმწიფოს ინტერესი საერთოდ არ ანაღვლებს, მაგრამ „ფრთხილობს", ვაითუ იმ პირს უსმენენ, რომელსაც ურეკავს და არ უნდა, რომ პრობლემები შეუქმნას, ანუ ეს არის ნიშანი ადრესატისადმი, რომ ქრთამის შეთავაზებას ადგილი არ ექნება.
„მოვიფიქრებთ და ჩემი წარმომადგენლები დაგიკავშირდებიან" – 3 ვარიანტია:

ა) ძირითადად, თანამდებობაზე ახლადდანიშნული ჩინოვნიკი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა მოხდეს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და რომ გაარკვევს, დაგიკავშირდება. შანსი – 10%.

ბ) იხილეთ „ა" ვარიანტი, ბოლო ნაწილი გამოაკელით და დაამატეთ სიტყვები: „ამ წამს გონებაში გაუელვა, ვინ არის, ჩემთან დარეკვას რომ ბედავს და იწყებს თანამშრომელთა გამოკითხვას, თუ ვინ „გააბაზრა" მისი ნომერი".

გ) შენი მოშორება უნდა, თან გაგრძნობინებს, რომ „დიდი კაცია".

„ამ დღეებში შეგეხმიანები და აგიხსნი" – ძველი მეგობარი, რომელიც ახლახან დააწინაურეს და შენი თავი არ აქვს, ჯერ არ იცის შენთან ახლო მეგობრობა კარიერაზე როგორ იმოქმედებს (შეხმიანების შანსი არანორმალურად მინიმალურია).

„კარგი, „ზემოთ" მოვიკითხავ და ზეგ გადმომირეკე" – პატიოსანი ჩინოვნიკი, რომელიც გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ იღებს.

„ახლა ვაპირებთ კანონში ცვლილების შეტანას და რამე იქნება" – შენი მოშორება უნდათ.

„აქ მობრძანდი (ბოლოში „თ"-ს გარეშე) და გაიგებ" – პროკურორი ან გენერალური ინსპექციის მუშაკი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს კონკრეტულ საქმეზე, მაგრამ იმედი აქვს, „დაგაკაჩავებს" და რამეზე „წამოგიკიდებს". შეიძლება მეორე შემთხვევაც, როცა თვითონ ვერაფერი გაიგო და შენგან კონსულტაცია სჭირდება, ბოლოს შეიძლება სპეციალისტადაც კი დაგკითხონ.

„ცუდადაა შენი საქმე, არ ვიცი რა ვუშველოთ ამ საქმეს" – ზემოხსენებული პირი მას შემდეგ, რაც მასთან მიხვედი, მაგრამ ჯერ ისევ ვერ მოვიდა ვერაფრის აზრზე.

„მოდი, ხვალ შევხვდეთ" – ან მართლა საქმიანი კაცია და დაინტერესდა, ან უბრალოდ შენთან ცუდი ურთიერთობა არ აწყობს.

ვფიქრობ, ამ ე.წ. შაბლონული დიალოგების არსებობა, მაშინ ბევრ რამეზე მიუთითებდა, როგორც დადებითზე (კორუფციასთან ბრძოლა), ისე უარყოფითზე (არაკვალიფიციურობა, შიშები), მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ამ შაბლონური ფრაზებით მოსაუბრე ხალხისგან არასოდეს ახალი და საინტერესო იდეა არ მომისმენია, ამ ხალხს არასოდეს გააჩნდა რამე მნიშვნელოვანი იდეა ან ინიციატივა.

ყველა ახალი საქმე, რეფორმა, კანონპროექტის ცვლილებები და ა.შ., რომელშიც მონაწილეობა მიმიღია, სხვანაირი ხალხისაგან მოდიოდა... არა, ისე არ იფიქროთ, რომ მათ ამის შანსი არ ჰქონიათ, როგორ არ ჰქონიათ, მაგრამ ამ საქმეში ძალიან „რელიგიურები" იყვნენ, რელიგიურ ხალხზე კი, მოგეხსენებათ, რაციონალურ არგუმენტებს ნაკლები „ჭრა" აქვს.

ცუდი ის არის, რომ ხალხი, რომელიც ამ ფრაზებით (ბოლოს გარდა) არასოდეს საუბრობდა, უმეტესად (საბედნიეროდ, არა სრულად), დღეს სამოქალაქო სექტორში აღმოჩნდა, ხოლო „სპეციფიკურად მეტყველი" ადამიანები ზუსტად ისევე მეტყველებენ დღესაც, იმ „პედესტალიდან", სადაც მაშინ იდგნენ.

მოუხედავად იმისა, რომ ახალ ხელისუფლებას საგანგაშოდ დიდი რაოდენობით მოხელეები არ დაუთხოვია, საჯარო სამსახურიდან წასულ ხალხთაგან პროცენტულად ყველაზე მეტი იმ კატეგორიის აღმოჩნდა, რომელიც ზემოთქმულ შაბლონურ ფრაზებს ნაკლებად ან საერთოდ არ იყენებდა.

„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „თ" პუნქტი ამბობს, რომ ამ კანონის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის საჯარო მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობა (შეგახსენებთ, ეს სწორედ ის პრინციპია, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში, სრულიად უმოწყალოდ რომ იქნა განადგურებული). ამ პრინციპის არსი ის კი არ არის, რომ საჯარო სამსახური არასოდეს არავინ დატოვოს, არამედ ის, რომ საჯარო სამსახურმა, საკადრო პოლიტიკის გამო, თანმიმდევრულობა არ დაკარგოს, რომ მისი ქმედებები პროგნოზირებადი იყოს შესაძლო მომხმარებელთათვის.

ამ პრინციპის დასარღვევად კი ბევრი ადამიანის გათავისუფლება არაა აუცილებელი, საკმარისია იმ ხალხის გათავისუფლება, ვინც საჯარო სამსახურის მიმართულების ძირითად მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, ასეთი კი ხშირად 5%-იც შეიძლება არ იყოს.

რაც შეეხება შაბლონურ საუბარს, იყავით ადეკვატურნი და ამას ერიდეთ, მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, მარტო მე არ მაღიზიანებს ეგ ამბავი (თქვენც ხომ ადამიანები ხართ და თქვენც ხომ გეშლებათ ნერვები ბანკების და რამდენიმე სხვა კომპანიის ტრენინგ გავლილ თანამშრომლებზე, რომლებიც შესაშური სიჯიუტით გპასუხობენ ერთსა და იმავეს, იმის მიუხედავად, თუ რას ეკითხებით). გასაგებია, რომ ყველა ყოველთვის კმაყოფილი ვერ გეყოლებათ, საჯარო სამსახურის მიზანიც უკმაყოფილების აღმოფხვრა კი არა, მისი მინიმუმამდე დაყვანაა, თუ რამეს აკეთებ, ვიღაც ყოველთვის იქნება გაბრაზებული, ცხოვრებაა ასეთი.

 

კომენტარები