კეზერაშვილის საქმე

ადვოკატი: დარწმუნებული ვარ, დანარჩენ ორ საქმეშიც კეზერაშვილი გამართლდება

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ადვოკატი შოთა მინდელი დარწმუნებულია, რომ კეზერაშვილი დარჩენილ ორ ბრალდებაშიც გამართლდება. მისი თქმით, ერთ საქმეში კეზერაშვილს 5 მილიონამდე ევროს გაფლაგვას ედავებიან, ხოლო მეორე საქმე ეხება ტელეკომპანია იმედისა და რიყის ტერიტორიის საქმეს.

"ბრალდების მხარე ამ საქმეებში ბევრად სუსტია, ვიდრე იყო ე.წ. კონტრაბანდული სპირტის საქმეში. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ დანარჩენ სისხლის სამართლის საქმეებშიც კეზერაშვილი გამართლდება", - აღნიშნა მინდელმა.

მინდელის თქმით, ჯერჯერობით სწორედ დარჩენილი ორი სისხლის სამართლის საქმის გამო, კვლავ ეზღუდება მისი დაცვის ქვეშ მყოფს საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება, სადაც იგი იმყოფება.

დავით კეზერაშვილი მის წინააღმდეგ ე.წ. სპირტის კონტრაბანდის საქმეში სრულად გამართლდა. გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე დავით მგელიაშვილმა დღეს გამოაცხადა. კეზერაშვილს და მისი მეუღლის უძრავ-მოძრავ ქონებას გამამართლებელი განაჩენის შემდეგ ყადაღა მოეხსნება. მათ შორის ყადაღა აეხსენება ყოფილი თავდაცვის მინისტრის ანგარიშებსაც.

კეზერაშვილს სპირტის კონტრაბანდა და 13 მილიონამდე თანხის ქრთამად აღება ედებოდა ბრალად. ამასთან, სასამართლომ ამავე საქმეზე დამნაშავედ ცნო კეზერაშვილის სიძე მეირ ჯანაშვილი.

ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი, ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, საფრანგეთში 2013 წლის 15 ოქტომბერს დააკავეს. საფრანგეთის სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი განაცხადა და გაათავისუფლა.

კომენტარები