კეზერაშვილის საქმე

კონტრაბანდული სპირტის საქმეზე სასამართლო კეზერაშვილს განაჩენს დღეს გამოუტანს

თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. კონტრაბანდული სპირტის საქმეზე დავით კეზერაშვილს განაჩენს დღეს გამოუტანს. მოსამართლის გადაწყვეტილება 13:00 საათზე გაირკვევა.

ზემოაღნიშნულ საქმეში ბიზნესმენი კეზერაშვილი სიძესთან, მეირ ჯანაშვილთან ერთად არის ბრალდებული. მას ბრალად ედება სპირტის კონტრაბანდა და 13 მილიონამდე თანხის ქრთამად აღება, რასაც ბრალდებული არ აღიარებს.

კეზერაშვილის ადვოკატს, შოთა მინდელს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. ადვოკატის აზრით, იმ შემთხვევაში თუკი დავით კეზერაშვილი გამტყუნდა, მისი ექსტრადირების საკითხში არაფერი შეიცვლება.

ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი, ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, საფრანგეთში 2013 წლის 15 ოქტომბერს დააკავეს.

საფრანგეთის სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი განაცხადა და გაათავისუფლა.

კეზერაშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის სამი საქმეა აღძრული, რომელთა განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ერთი, კონტრაბანდული სპირტის საქმეა, მეორე კი - ტელეკომპანია იმედის და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებულია გიგი უგულავასთან ერთად. რაც შეეხება მესამე ბრალს, დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან ალექსანდრე ნინუასთან ერთად, ბიუჯეტის გაფლანგვით, 5 მილიონამდე ევროს მითვისებას ედავებიან.

კომენტარები