დამოუკიდებლობის დღე

ალასანია: თითოეული ჩვენი სამხედრო მოსამსახურესთვის 26 მაისი არის პირადი ზეიმი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, "სამშობლოს ერთგულება და მისთვის თავის შეწირვა ჩვენ სისხლში გვაქვს". თავისუფლების მოედანზე, 26 მაისისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ალასანიამ წვევამდელებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

"დღეიდან თქვენი ცხოვრება თვისობრივად იცვლება. დღეიდან თქვენ ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და მშვიდობა უნდა უზრუნველყოთ. მე მინდა განსაკუთრებულად სწორედ დღევანდელი დღე მივულოცო მათ, ვინც ფიცი დადეს ჩვენი ქვეყნის წინაშე, დღეიდან თქვენ იქნებით ჩვენი ქვეყნის ღირსეული დამცველები. სამშობლო, ღირსება, ერთგულება, ეს არის ჩვენი შეიარაღებული ძალების დევიზი, ეს არის დევიზი, რომელიც თქვენს გენეტიკურ კოდში დევს. სამშობლოს ერთგულება და მისთვის თავის შეწირვა ჩვენ სისხლში გვაქვს", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა და დაამატა, რომ 96 წლის წინ აღდგა ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და ეს დღე არის სრულიად საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული.

"მაგრამ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ თითოეული ჩვენი სამხედრო მოსამსახურესთვის ეს არის პირადი ზეიმი. იმიტომ, რომ სწორედ თქვენ დგახართ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, მაგრამ მშვიდობა რომ იყოს დაცული, თქვენი თავადადების, თქვენი სულიერი სიმტკიცის და თქვენი გამბედაობის უშუალო საფუძვლის ჩაყრას საჭიროებს. კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ჩვენს დიდ და მტკიცე ოჯახში - საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ღმერთი იყოს ჩვენი შეიარაღებული ძალების და ჩვენი საქართველოს მფარველი", - მიმართა ალასანიამ წვევამდელებს.

თავისუფლების მოედანზე 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს. ოფიციალური ნაწილი თვითმფრინავების მიერ საქართველოს დროშის გაშლით დაიწყო. საპატიო ყარაულებმა კი საჩვენებელი გამოსვლით მომზადები დონის დემონსტრირება მოახდინეს. თავისუფლების მოედანზე ანსამბლ ილორის წევრებმა საქართველოს დროშებით ფლეშმობი გამართეს. ქვეყნის მთავარსარდალს გენერალური შტაბის უფროსმა პატაკი ჩააბარა, რის შემდეგაც 200-მდე ახალწვეულმა ფიცი დადო.

ფიცის დადებამდე კი, 26 რუსთაველის გამზირზე ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გაშლილია კარვები და სტენდები, სადაც სხადასხვადასხვა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. წარმოდგენილი იყო სამხედრო კომპონენტიც - მოქალაქეებს შეიარაღება და ტექნიკური საშუალებების დათვალიერების საშუალებაც ჰქონდათ, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ გამოფინა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება. საქართველომ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა სწორედ 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.

კომენტარები