დამოუკიდებლობის დღე

პრეზიდენტი: ქვეყნის თავისუფლება არის თითოეული მოქალაქის თავისუფლებათა ჯამი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წვევამდელებს მიმართა და მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. როგორც მარგველაშვილმა თავისუფლების მოდანზე, 26 მაისისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, "თავისუფლება დამოუკიდებლობის გარეშე არ არსებობს. ქვეყნის თავისუფლება არის თითოეული მოქალაქის თავისუფლებათა ჯამი".

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, თავისუფალია ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც არიან თავისუფალი, ეს კი, მისი განცხადებით, ნიშნავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა თავისუფლებებს.

"ეს ნიშნავს გამოხატვის, სიტყვის, მედიის, შეკრების, რწმენის არჩევისა და მისი აღმსარებლობის თავისუფლებას, შრომის, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას, იმას, რომ არ იყო დაჩაგრული რაიმე ნიშნით, არამედ, იყო დაცული. თავისუფლება ჩვენში ჩადებული ღვთითბოძებული ნიჭია, რომელსაც სჭირდება დაცვა, აღზრდა, ჭკუით მოპყრობა და მოხმარება. პასუხისმგებლობის გარეშე, თავისუფლება განუკითხაობად გადაიქცევა. იყო თავისუფალი, ნიშნავს, განაგებდე საკუთარ ბედს, იცავდე არამარტო საკუთარ, არამედ პატივს სცემდე და იცავდე სხვათა უფლებებსაც. პასუხისმგებლიან ადამიანთა ერთობლივი შრომა ქმნის თავისუფალ ქვეყანას. დღეს ვზეიმობთ რა დამოუკიდებლობას, ამავე დროს ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარი თავის, წინაპართა ხსოვნისა და მომავალი თაობის წინაშე, რომ ვიყოთ უფრო თავისუფალი და შევქმნათ უფრო თავისუფალი ქვეყანა" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ოკუპირებულ ტეროტორიებზე მცხოვრებებს, რადგან მისი თქმით, 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა ეფუძნებოდა რეფერენდუმს, რომელშიც საქართველოს ყველა მოქალაქე, მათ შორის, ახლა მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებები მონაწილეობდნენ.

"დღეს მინდა მადლობა ვუთხრა იმ ხალხს, მავთულხლართების მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთა ნების საფუძველზეც, ჩვენ მაშინ აღვადგინეთ საქართველოს დამოუკიდებლობა და ერთიანი სახელმწიფო შევქმენით. 23 წლის წინანდელ ემოციას, რომ საქართველო განვითარდება როგორც დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო, არც ერთი წამით არ შევანელებთ. ნებას, ვიცხოვროთ ერთიან, მთლიან საქართველოში, კიდევ ახალ ძალას შევასხამთ და არც ერთი წამით არ შევაჩერებთ ამ მიმართულებით მოძრაობას. დამოუკიდებლობა ის ქვაკუთხედია, რომელზეც ქვეყნის სახელმწიფოებრიობა შენდება და ის, რაც 23 წლის წინათ ერთად გავაკეთეთ, დღეს ჯერ კიდევ მყიფეა. ჯერ კიდევ ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები. მოკლებული ვართ შესაძლებლობას, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების უფლებათა დაცვაზე, რადგან ისინი ჯერ კიდევ მავთულხლართებს მიღმა არიან. მაგრამ მაშინაც და ამ 23 წლის მანძილზეც, ჩვენ ნათლად გამოავჩინეთ ჩვენი ურყევი ნება, რომ საქართველო იყოს მთლიანი, სუვერენული, ძლიერი და ეს გაგრძელდეს საუკუნოდ. ეს ნება ასობით გმირის თადადებული ბრძოლით განვამტკიცეთ" - განაცხადა პრეზიდენტმა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახები, ასევე, ის ჯარისკაცები დააჯილდოვა, ვინც თავი გამოიჩინეს საერთაშორისო მისიებში.

თავისუფლების მოედანზე 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს. ოფიციალური ნაწილი თვითმფრინავების მიერ საქართველოს დროშის გაშლით დაიწყო. საპატიო ყარაულებმა კი საჩვენებელი გამოსვლით მომზადები დონის დემონსტრირება მოახდინეს. თავისუფლების მოედანზე ანსამბლ ილორის წევრებმა საქართველოს დროშებით ფლეშმობი გამართეს. ქვეყნის მთავარსარდალს გენერალური შტაბის უფროსმა პატაკი ჩააბარა, რის შემდეგაც 200-მდე ახალწვეულმა ფიცი დადო.

ფიცის დადებამდე კი, 26 რუსთაველის გამზირზე ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გაშლილია კარვები და სტენდები, სადაც სხადასხვადასხვა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. წარმოდგენილი იყო სამხედრო კომპონენტიც - მოქალაქეებს შეიარაღება და ტექნიკური საშუალებების დათვალიერების საშუალებაც ჰქონდათ, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ გამოფინა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება. საქართველომ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა სწორედ 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.

კომენტარები