ქართული პროდუქცია რუსეთში

ქართული კურკოვანი ხილის და ბოსტნეულისთვის რუსეთის ბაზარი დღეიდან გაიხსნა

ქართული კურკოვანი ხილის და ბოსტნეულისთვის რუსეთის ბაზარი დღეიდან გაიხსნა.

საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის გატანას ამ დროისთვის ხელს უგზოობა უშლის. დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის გამო ყაზბეგიდან ლარსის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია.

ამასთან, როსსელხოზნადზორის ცნობით, მოსკოვიდან რამდენიმე დღეში სპეციალური ჯგუფი ჩამოვა, რომელიც პროდუქტების ხარისხს შეამოწმებს.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რუსულ ბაზარზე ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტის შესვლა ძალიან მნიშვნელოვანია და რიგითი მოქალაქეების ცხოვრებას მნიშვნელოვნად გააადვილებს.

"პირველ რიგში მინდა მივესალმო იმას, რომ რუსულ ბაზარზე შევიდა ქართული სოფლის მეურნეობის ნაწარმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი რიგითი მოქალაქეების ცხოვრებას მნიშვნელოვნად გააადვილებს. თუმცა, რა თქმა უნდა, რისკები არის, გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ტიპის განცხადებები კეთდება, მაგრამ ვნახოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით, ევროინტეგრაციის პოლიტიკითა და ნორმალური კონსტრუქციული განწყობით, იმით, რომ განვავითაროთ ვაჭრობა და ტურიზმი რუსეთთან, მივაღწევთ, ალბათ გრძელვადიან პერსპექტივაში, იმას, რომ სხვა პრობლემებიც დარეგულირდეს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები