ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა უკრაინის საზღვრებთან მყოფი რუსული სამხედრო ძალების დისლოკაციის ადგილებში დაბრუნების შესახებ. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, პუტინის ბრძანებულების თანახმად, როსტოვის, ბელგოროდის და ბრიანსკის ოლქებში „გეგმიურ სამხედრო მანევრებში“ მონაწილე ძალები მუდმივი დისლოკაციის ადგილებს უნდა დაუბრუნდნენ და საბრძოლო მომზადება ადგილებზე გააგრძელონ.
რუსეთის პრეზიდენტი მიესალმა დიალოგის დაწყებას ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონების წარმომადგენლებს შორის და კიევს მოუწოდა „შეწყვიტოს სადამსჯელო ოპერაცია და ძალადობრივი ქმედებები, გაიყვანოს ჯარები და ყველა არსებული პრობლემა მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყვიტოს“.
აღსანიშნავია, რომ 7 მაისს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებიდან რუსული ძალები უკვე გაყვანილია, რაც პენტაგონმა და NATO-ს სარდლობამ უარყვეს.





