ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ცესკომ ამომრჩეველთა მონაცემების დამუშავება დაასრულა

საარჩევნო ადმინისტრაცია დღეიდან ამომრჩევლებისთვის საინფორმაციო ბარათების დარიგებას დაიწყებს. ცესკო-მ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიწოდებული ამომრჩეველთა მონაცემების დამუშავება უკვე დაასრულა (სააგენტომ ცესკო-ში მონაცემები 1-ელ მაისს წარადგინა). შედეგად, კომისიაში არსებული მონაცემების მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 472 772-ს შეადგენს. ამასთან, ვინაიდან, ამომრჩეველთა სიაში კანონმდებლობით განსაზღვრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ჯერ არ ამოწურულა, აღნიშნული მონაცემი დაზუსტდება. 

"თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები - მათი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რეგისტრაციის ადგილი და რომელ საარჩევნო უბანს უნდა მიაკითხონ ხმის მისაცემად. ამომრჩევლებს საინფორმაციო ბარათებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დაურიგებენ", - განმარტავენ ცესკო-ში.

ცესკო მიმართავს ამომრჩევლებს, ბარათში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, წერილობითი განცხადებით მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ან იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ფილიალს. იმ შემთხვევაში კი, თუ ამომრჩეველი საერთოდ ვერ მიიღებს საინფორმაციო ბარათს, უნდა დაუკავშირდნენ ცესკო-ს კონტაქტ-ცენტრს ნომერზე - 2 51 00 51. ამომრჩევლების მიერ მომართვის ბოლო ვადაა 29 მაისი.

ამომრჩევლებს საკუთარი მონაცემების გადამოწმება ასევე შეუძლიათ ცესკო-ს ვებგვერდზე განთავსებულ საძიებო სისტემაში; წელს პირველად, 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ფოტოსურათებიანი ამომრჩეველთა სიის საფუძველზე, შესაბამისად, საძიებო სისტემა იძლევა ფოტოსურათების გადამოწმების შესაძლებლობასაც.

"შეგახსენებთ, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩევლებთან ერთად არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან მისამართის მითითების გარეშე. ამიტომ ცესკო მოგიწოდებთ, დროულად გადაამოწმოთ თქვენი მონაცემები და 28 მაისამდე მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს", - აცხადებენ ცესკო-ში.

მათივე განმარტებით, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტებს შეუძლიათ მოითხოვონ ელექტრონულ მატარებელზე ჩაწერილი ამომრჩეველთა სია და გადაამოწმონ მონაცემები. ცესკო-მ მათთვის შექმნა სპეციალური პროგრამა საძიებო სისტემით, რომელიც აღნიშნულ სუბიექტებს გაუმარტივებს ამომრჩეველთა სიებზე მუშაობის პროცესს.

კომენტარები