ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ქართული ოცნების ახმეტის შტაბის წევრებმა შესაძლოა კოალიციას ბოიკოტი გამოუცხადონ

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ქართული ოცნების ახმეტის შტაბის წევრებმა კოალიციას და არჩევნებს შესაძლოა ბოიკოტი გამოუცხადონ. პარტიული სიის გადახედვის მოთხოვნით, ქართული ოცნების შტაბის წევრებმა გუშინ, წერილობით მიმართეს კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს კახა კალაძეს. განცხადებას ხელს აწერენ ზონის კოორდინატორები, უბნის კოორდინატორები და აქტივისტები. ისინი ასევე ითხოვენ, კოალიციამ ახმეტის გამგებლის კანდიდატად ბექა ბაიდაური არ წარადგინოს. 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ქართული ოცნების ახმეტის შტაბის აქტივის კოორდინატორი ოთარ კვირიკაშვილი ამბობს, რომ თუ ცენტრალურმა შტაბმა სიას არ გადახედა, პირველი ნომერი ისევ მამუკა ხოლეგაშვილი იყო და გამგებლობის კანდიდატი ბექა ბაიდაური, ისინი შტაბს დატოვებენ და არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვიან.

ახმეტაში, ქართული ოცნების პარტიული სიის პირველი ათეული კი, ასეთია:

1. მამუკა ხოლეგაშვილი – ქართული ოცნება;

2. ზაქარია ქინქლაძე - რესპუბლიკელები;

3. თემურ გოდერძიშვილი – ქართული ოცნება;

4. არჩილ შათირიშვილი – მრეწველები;

5. თამარ ყეინიშვილი – ქართული ოცნება;

6. გოჩა ქიტესაშვილი – ეროვნული ფორუმი;

7. ბიძინა ჭიჭიკლიშვილი – ქართული ოცნება;

8. ილია მაისურაძე – კონსერვატორები;

9. გელა ჯუგაშვილი – ქართული ოცნება;

10. ნუკრი ღუბიანური – თავისუფალი დემოკრატები.

კომენტარები