ჭიკაიძის პარლამენტში დაბარება

ენმ: შს მინისტრს აშკარად ეშინია ოპოზიციასთან შეხვედრის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, მათი ფრაქცია ერთი თვეა, ამაოდ ელის შსს-ს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის პარლამენტში სტუმრობას. უმცირესობის წევრის ხათუნა გოგორიშვილის თქმით, 8 აპრილს ენმ-მ მოითხოვა მინისტრის ფრაქციის სხდომაზე მისვლა. დაბარების მიზეზი ჭიკაიძის ინტერვიუ გახდა, სადაც ის ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე საუბრობდა.

"16 აპრილს მინისტრმა წერილობით გვამცნო, რომ „გადატვირთული სამუშაო გრაფიკის“ გამო ვერ ახერხებდა ფრაქციის სხდომაზე დასწრებას და მისთვის მისაღებ დროს დამატებით გვაცნობებდა. ამის შემდეგ, შსს-ს თანამშრომლებთან მუდმივი სატელეფონო კომუნიკაციის მიუხედავად, მინისტრის „გადატვირთულ გრაფიკში“ ქვეყნის მთავარ და რეალურ ოპოზიციურ ძალასთან შეხვედრისთვის რამდენიმე საათი ვერა და ვერ გამოინახა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პროტესტს გამოთქვამს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოვლად უპასუხისმგებლო საქციელის გამო. გარდა იმისა, რომ ეს არის კანონის დარღვევა, მინისტრს აშკარად ეშინია ოპოზიციასთან შეხვედრის. ფაქტია, რომ მან თქვა ბევრი ტყუილი და ვერ დაასახელებს ვერცერთ ფაქტს, რომელიც დაადასტურებდა მის უპასუხისმგებლო ბრალდებებს, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შსს მინისტრს - თუ აქვს რაიმე სიგნალი ქვეყანაში შესაძლო არეულობის შესახებ, სწორედ პარლამენტია ის ადგილი, სადაც ასეთი ტიპის საფრთხეებზე აუცილებელია საუბარი. ამავე დროს, იმ ფონზე, როცა ჩვენი მოქალაქეები მშვიდად ვეღარ გადაადგილდებიან, მათთვის არ არსებობს არანაირი უსაფრთხო გარემო და მშვიდი ცხოვრების გარანტიები; საგრძნოლად იმატა დანაშაულმა და ქუჩაში ნიღბიანი ბანდფორმირებები ადამიანებს სასტიკად უსწორდებიან, წამყვანი მედია საშუალების რუსთავი-2“-ს ოფისში აღმოჩენილია თვალთვალისა და მიყურადების აპარატურა, სრულიად მიუღებელია მინისტრის მხრიდან პარლამენტის იგნორირების ჯიუტი მცდელობა" - აცხადებს გოგორიშვილი და აღნიშნავს, რომ ენმ კიდევ ერთხელ და კატეგორიულად ითხოვს საზოგადოებისთვის საინტერესო და საჭირბოროტო კითხვებზე პასუხის გასაცემად შსს მინისტრის პარლამენტში მისვლას.

"მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარესაც. იმედს ვიტოვებ, რომ დავით უსუფაშვილის განცხადებები პროცედურულ დემოკრატიაზე და პარლამენტის როლის გაძლიერებაზე არ არის ლიტონი სიტყვები და ის მოახერხებს ალექსანდრე ჭიკაიძის პარლამენტში მოყვანას. შესაბამისად, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პრესტიჟის დაცვას. ჩვენის მხრივ დავამატებ, რომ ჰაკიმ ფაშას ხელის ბიჭს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ჩვენ დროთა განმავლობაში გადაგვავიწყდება ეს თემა და მისი უპასუხისმგებლო, ცრუ განცხადებები. საპარლამენტო უმცირესობა მინისტრის პარლამეტში მოწვევის საკითხს დღის წესრიგიდან არ მოხსნის" - აღნიშნავს საპარლამენტო უმცირესობის წევრი.

კომენტარები