ჭიკაიძის პარლამენტში დაბარება

გაბაშვილი: ჭიკაიძეს მაინც მოუწევს პარლამენტში მოსვლა და პასუხების გაცემა

financial.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით, შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს მაინც მოუწევს პარლამენტში მისვლა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კითხვებზე პასუხების გაცემა. 

"როცა შინაგან საქმეთა მინისტრი საუბრობს დესტაბილიზაციაზე და სამოქალაქო დაპირისპირებაზე, რომელსაც თურმე ჩვენ ვაწყობთ უკრაინელ ევრომაიდნელებთან ერთად, ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, ჭიკაიძემ გვითხრას თუ რა ინფორმაცია აქვს, რაზე საუბრობს, საიდან მოაქვს ეს.. ასევე ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში კრიმინალის ზრდას. მინდა გითხრათ, რომ მინისტრს მაინც მოუწევს პასუხის გაცემა, თუ რატომ აკეთებს ზედმიწევნით პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც არ ეყრდნობა ფაქტებს და სიმართლეს და რატომ ტყუის. თუ ამ კვირის გრაფიკი გაწერილი აქვს, აუცილებლად გამოჩნდება კვირა, როცა მას მოწევს მოსვლა და ამ საკითხებზე საუბარი პარლამენტში",-აცხადებს გაბაშვილი.

შინაგან საქმეთა მინისტრი "გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო" პარლამენტში არ მივიდა. ალექსანდრე ჭიკაიძესთან შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობას სურდა. ფრაქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შს მინისტრი პარლამენტში მას შემდეგ დაიბარა, რაც ალექსანდრე ჭიკაიძემ გაზეთ პრაიმტაიმთან ინტერვიუში დესტაბილიზაციის მცდელობა დააანონსა. მან თქვა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ევრომაიდნის მოწყობას გეგმავს.

შს მინისტრმა პარლამენტში წერილი გაგზავნა, სადაც საკანონმდებლო ორგანოში გამოუცხადებლობის მიზეზს განმარტავს. ჭიკაიძის თქმით, ის მზად არის, დაესწროს ფრქცია ნაციონალური მოძრაობის სხდომას, "თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ შს მინისტრის სამუშაო შეხვედრები დაგეგმილია წინასწარ და აღნიშნული პერიოდი მოიცავს საკმაოდ გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს, მითითებულ დროს ვერ მოხერხდება ფრაქციის სხდომაზე დასწრება".

კომენტარები