ჭიკაიძის პარლამენტში დაბარება

ქუცნაშვილი: ნორმალურია, რომ წითელ პარასკევს მინისტრი პარლამენტში არ მოვიდა

ზაქარია ქუცნაშვილის Facebook-ის გვერდი

"ის, რომ წითელ პარასკევს შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში არ ჩამოვიდა, ნორმალურია", - აცხადებს უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი და აღნიშნავს, რომ აღდგომის დღესასწაულის დასრულების შემდეგ, საპარალამენტო უმცირესობას სავარაუდოდ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ ალექსანდრე ჭიკაიძეს შეკითხვები დაუსვას.

"მიმაჩნია, რომ წითელ პარასკევს ქრისტიანები საქმით ნაკლებად უნდა დავკავდეთ. მე მგონი, აღდგომის - საქრისტიანოს დიდი დღესასწაულის შემდეგ, იქნება შეხვედრის შესაძლებლობა. არა მგონია, რომ ჩვენი მინისტრები გაურბოდნენ ოპოზიციის შეკითხვებს. მითუმეტეს, ჩვენ ეს კულტურა დავნერგეთ, რომ ოპოზიციის დაბარებული იქნება თუ უმრავლესობის, ერთნაირი მიდგომა აქვთ მინისტრებს. ასე რომ, წითელ პარასკევს რომ მინისტრი არ ჩამოვიდა, სრულებით ნორმალური მოვლენაა. აღდგომის შემდეგ ამის გაკეთება თავისუფლად შეიძლება", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს, დიდ ხუთშაბათს.

შინაგან საქმეთა მინისტრი "გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო" პარლამენტში არ მივიდა. ალექსანდრე ჭიკაიძესთან შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობას სურდა. ფრაქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შს მინისტრი პარლამენტში მას შემდეგ დაიბარა, რაც ალექსანდრე ჭიკაიძემ გაზეთ პრაიმტაიმთან ინტერვიუში დესტაბილიზაციის მცდელობა დააანონსა. მან თქვა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ევრომაიდნის მოწყობას გეგმავს.

შს მინისტრმა პარლამენტში წერილი გაგზავნა, სადაც საკანონმდებლო ორგანოში გამოუცხადებლობის მიზეზს განმარტავს. ჭიკაიძის თქმით, ის მზად არის, დაესწროს ფრქცია ნაციონალური მოძრაობის სხდომას, "თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ შს მინისტრის სამუშაო შეხვედრები დაგეგმილია წინასწარ და აღნიშნული პერიოდი მოიცავს საკმაოდ გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს, მითითებულ დროს ვერ მოხერხდება ფრაქციის სხდომაზე დასწრება".

კომენტარები