უკანონო მოსმენები

ნიკა გვარამია: მოპოვებული მასალა ჟურნალისტური გამოძიების შედეგია

თამარ კორახაშვილი / gametv.ge

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მოპოვებული მასალები ჟურნალისტური გამოძიების შედეგია და წყაროს გამხელისგან ჟურნალისტს კანონი იცავს. 

"დაზუსტებით ცნობილი არ არის თუ რაზე ვარ დაბარებული. სავარაუდოდ, საკითხი ჩვენს მიერ გუშინ გავრცელებული მასალის მოპოვებას ეხება. ეს არის ჟურნალისტური გამოძიების შედეგი და ჟურნალისტს იცავს კანონი წყაროს არ გამხელასთან დაკავშირებით. ეს წყარო ჟურნალისტს ჩემთანაც არ გაუმხელია. შესაძლოა კითხვები დამისვან იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც გამოძიება უკვე დაწყებულია და ეხება ჩვენთან ფარული მიყურადების ტექნიკის აღმოჩენას", - განაცხადა გვარამიამ. 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მას და გადაცემა პოზიციის წამყვანს ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ. ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება 6 მაისს გააკეთა. მისი ცნობით, ვიდეომასალა შსს-დან გაუგზავნეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს. 10 მაისს, ტელეკომპანია რუსთავი 2–მა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ხელსუფლების მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა. ჟურნალის ეკა კვესიტაძის განცხადებით, მაყურებელს საუბრების მხოლოდ მცირე ფრაგმენტები უჩვენეს, რომლებიც კონკრეტულ ინფორმაციას არ შეიცავდა და მხოლოდ მტკიცებულებას წარმოადგენს იმის შესახებ, რომ ამგვარი ჩანაწერები კეთდებოდა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო საუბრების, კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

კომენტარები