უკანონო მოსმენები

პრემიერი: ენმ გაწაფულია მოდელირებული თვალთვალის სცენარების ორგანიზებით

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის განცხადებები, რომ მათ უკანონოდ იწერდნენ, კარგად მოფიქრებული და დაგეგმილი პროვოკაციაა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. როგორც პრემიერმა იმედის გადაცემა რეაქციაში თქვა, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამტკიცებდნენ, რომ ტელეკომპანიას ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით უთვალთვალებდნენ, "ასეთივე პროფესიონალიზმით ამტკიცებდნენ იმ სიცრუეს, რომელსაც ცხრა წლის მანძილზე უწევდნენ ტირაჟირებას".

"ეს არის ძალიან კარგად მოფიქრებული და დაგეგმილი პროვოკაცია ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ. მოვისმინე, რომ მათ კიდევ აქვთ რაღაც კადრები. მათ შევახსენებ, რომ სწორედ მე ვიყავი პირადი ცხოვრების ამსახველი ათასობით ვიდეო-აუდიო ფაილის განადგურების მთავარი ინიციატორი . სწორედ ჩემი მინისტრობის დროს მოხდა ეს უპრეცედენტო ფაქტი, რამაც დაიმსახურა საყოველთაო მხარდაჭერა. მე ვიყავი უკანონო მოსმენების კამპანიის დასრულების ორგანიზატორი. ჩვენ ამას ვაბობთ მტკიცედ, რადგან ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნება. რუსთავი 2-მა, რომელიც ერთი-ერთში ატარებს ნაციონალური მოძრაობის კურსს, შეიძლება, დაგვაბრალოს ყველაფერი. მე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როდესაც ვიყავი მინისტრი, ვთქვი, რომ ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია - ნაციონალურ მოძრაობას, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ სპეციალური მოწყობილობები, მოსასმენი აპარატურა, რომლითაც მათ აქვთ საშუალება განახორციელონ უკანონო მოსმენა და ფარული მიყურადება. ამის შესახებ გავაფრთხილე საზოგადოება ერთი წლის წინ და ახლაც მინდა შევახსენო ყველას, ნაციონალური მოძრაობა გაწაფულია ათასგვარი ფაბრიკაციებით, ე.წ. მოდელირებული ქრონიკებით, მოდელირებული თვალთვალის თუ მიყურადების სცენარების ორგანიზებით, გაშუქებით და ამ ადამიანებისგან მე არაფერი მიკვირს. ჩვენ ამას ვუყურებთ აბსოლუტურად სიმშვიდით და ღიმილით, რადგან არ შეიძლება, ადამიანმა გააკეთოს სერიოზული კომენტარი", - განაცხადა პრემიერმა და დაამატა - "ჩვენ ჩვენი საქმით დავადასტურეთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულეთ უკანონო მოსმენები".

მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა ის, რაც ხდება დღეს საქართველოში.

"თუ გადავხედავთ, რა მეთოდებით იბრძვიან ჩვენი ოპონენტები, თუმცა მე მათ ოპონენტებად არ მოვიხსნენიებდი, მაგრამ ვალდებული ვარ, ეტიკეტი დავიცვა, რუსთავი 2 ჩართულია ნაციონალური მოძრაობის კამპანიაში სამწუხაროდ, რადგან მას ბევრი პროფესიონალი ჰყავს და პატივისცემას გამოვხატავ - ისინი პროფესიონალები და გულწრფელები არიან და ასრულებენ იმ საქმეს, რომელიც უყვართ. მათ შესაძლებლობებს და უნარებს კი, ცუდად იყენებს ნაციონალური მოძრაობა" - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში აღმოჩენილი სათვალთავალო ვიდეოკამერების დამონტაჟება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირა. პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავი 2-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ კოვზიაშვილმა, რომელიც სამსახურიდან  7 მაისს გაათვისუფლეს, გამოძიებას კადრები გადასცა. უწყების ცნობით, ვიდეომასალა 2012 წლის 21 დეკემბერს არის ჩაწერილი და მასში ასახულია ყოფილი პრეზიდენტის დაცვის სამსახურის წევრები, რომლებიც ნიკა გვარამიას და ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახებში მუშაობენ. მოწმის განცხადებით, მან მომდევნო პერიოდში ტელეკომპანიაში ფარული ჩამწერი მოწყობილობის მონტაჟის კვალი აღმოაჩინა.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით კი, საქართველოს პროკურატურამ დღევანდელი განცხადებით დაადასტურა, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობაზე ფარული მიყურადების ავტორი სწორედ საქართველოს ხელისუფლებაა. ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობაზე თვალთვალის უშუალო ორგანიზატორი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მას და გადაცემა პოზიციის წამყვანს ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ. ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება 6 მაისს გააკეთა. მისი ცნობით, ვიდეომასალა შსს-დან გაუგზავნეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო საუბრების, კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

იმავე დღეს, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსთავი 2-ს იმპროვიზაციის კარგი უნარი აქვს, განსაკუთრებით აქტიურობს და ინიციატივებს იჩენს. 

კომენტარები