უკანონო მოსმენები

ნანუაშვილი: ერთხელ და სამუდამოდ, უკანონო მიყურადებისთვის ვინმე უნდა დაისაჯოს

news.ge

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, "ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანაში უკანონო მიყურადებისთვის ვინმე უნდა დაისაჯოს". ომბუდსმენი რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობაზე ფარულ თვალთვალს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, უკანონო მიყურადებისთვის აქამდე არავინ დაუსჯიათ.

"ნებისმიერი უკანონო მიყურადება დანაშაულია, შესაბამისად, გამოძიება მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა წარიმართოს და უნდა იყოს აუცილებლად ეფექტიანი", - თქვა ნანუაშვილმა და აღნიშნა, რომ ომბუდსმენის აპარატი დააკვირდება, რამდენად ობიექტურად და გამჭვირვალედ წარიმართება ეს პროცესი.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მას და გადაცემა პოზიციის წამყვანს ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ. ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი ცნობით, ვიდეომასალა შსს-დან გაუგზავნეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

პროკურატურა რუსთავის 2-ის თანამშრომლებს მიმართავს, აქტიურად ითანამშრომლონ საგამოძიებო სამსახურთან, რათა უმოკლეს დროში მოხდეს გავრცელებული ვიდეოჩანაწერების წარმომავლობის და ამ შესაძლო დანაშაულში ჩართული პირების გამოვლენა და დადგენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო საუბრების, კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები