უკანონო მოსმენები

კვაჭანტირაძე: რუსთავი 2-ის მოწოდებული შეფუთვა შეიძლება საპნის ბუშტივით გასკდეს

facebook.com/Zviad Kvachantiradze

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, ხელისუფლების ინტერესებში შედის, რომ რუსთავი 2-ის საკითხზე გამოძიება გამჭვირვალედ და სწრაფად წარიმართოს. 

“შეიძლება, რაღაც სიურპრიზებთან გვქონდეს საქმე. შეიძლება, ეს თქვენ არ მოგეწონოთ, მაგრამ მეც ძალიან არ მომწონს ისტორია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ყრილობამდე ორი დღით ადრე მოხდა. შეფუთვა, რომელიც რუსთავი 2-მა მოგვაწოდა, შეიძლება საპნის ბუშტივით გასკდეს. ეს არის ჩემი პირადი ეჭვი“, - უპასუხა დეპუტატმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მას და გადაცემა პოზიციის წამყვანს ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ. ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი ცნობით, ვიდეომასალა შსს-დან გაუგზავნეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

პროკურატურა რუსთავის 2-ის თანამშრომლებს მიმართავს, აქტიურად ითანამშრომლონ საგამოძიებო სამსახურთან, რათა უმოკლეს დროში მოხდეს გავრცელებული ვიდეოჩანაწერების წარმომავლობის და ამ შესაძლო დანაშაულში ჩართული პირების გამოვლენა და დადგენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო საუბრების, კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები