უკანონო მოსმენები

ხადური: მჯერა, რუსთავი 2-ის საქმეზე გამოძიების დასკვნა გამჭვირვალე იქნება

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დარწმუნებულია, რომ რუსთავი 2-ის საკითხთან დაკავშირებით, გამოძიება ღია და გამჭვირვალე დასკვნას დადებს. ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.

“დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ვიცით, რომ გამოძიება დაწყებულია, დარწმუნებული ვარ, ეს დასკვნა ღია და გამჭვირვალე იქნება”, - თქვა ფინანსთა მინისტრმა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მას და გადაცემა პოზიციის წამყვანს ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ. ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი ცნობით, ვიდეომასალა შსს-დან გაუგზავნეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

პროკურატურა რუსთავის 2-ის თანამშრომლებს მიმართავს, აქტიურად ითანამშრომლონ საგამოძიებო სამსახურთან, რათა უმოკლეს დროში მოხდეს გავრცელებული ვიდეოჩანაწერების წარმომავლობის და ამ შესაძლო დანაშაულში ჩართული პირების გამოვლენა და დადგენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო საუბრების, კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები