ანტიდისკრიმინაციული კანონი

ომბუდსმენი ანტიდისკრიმინაციულ კანონზე შენიშვნებს აქვეყნებს

სახალხო დამცველი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის ეფექტური იმპლემენტაციისთვის რამდენიმე საკითხის გათვალისწინებას ითხოვს.

ომბუდსმენი დადებითად აფასებს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას, თუმცა, როგორც აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველს აქვს სამი შენიშვნა, რაც პარლამენტსა და მთავრობას, ამ ეტაპზე, არ გაუთვალისწინებია.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კანონი საქმის ყოველმხრივ შესწავლის შესაძლებლობას არ იძლევა. კერძოდ, ის, ერთი მხრივ, აფართოებს ომბუდსმენის მანდატს, რომელიც კერძო სფეროში, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სათანადო რეკომენდაციის მოამზადებს. მეორე მხრივ კი, კანონი არ ავალდებულებს ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, მიაწოდონ სახალხო დამცველს საქმის შესწავლისათვის აუცილებელი მასალები, დოკუმენტები თუ ინფორმაცია. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს ომბუდსმენს კერძო სფეროში მომხდარი დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტის შესწავლისათვის მხოლოდ სავარაუდო მსხვერპლის განცხადებასა და მის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებას უტოვებს.

"ამასთან, კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ" ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველს საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის უფლებამოსილება მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეუძლია, რაც კერძო სექტორს კვლავ საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის სრულად განხორციელების მიღმა ტოვებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ შესრულდება დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ გამოცემული რეკომენდაცია, ეფექტური მექანიზმი იქნებოდა სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრება ადმინისტრაციული ორგანოების თუ კერძო პირებისთვის. შეგახსენებთ, კანონის მიხედვით, ომბუდსმენი სასამართლოს მიმართავს იმ შემთხვევაში, თუ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ მის მიერ გამოცემულ რეკომენდაციას არ უპასუხებენ ან არ შეასრულებენ.

გარდა ამისა, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის აპარატს დამატებითი ფინანსები უნდა გამოეყოს, რაც, განცხადების მიხედვით, საჭიროა დამატებითი ფუნქციების შესრულებისთვის:

"დამატებითი ფინანსური სახსრები აუცილებელია სრულყოფილი საგანმანათლებლო საქმიანობისა და კვალიფიციური კადრების მობილიზებისათვის. ამასთან, კანონი არ ითვალისწინებს გარდამავალ პერიოდს და ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს სახალხო დამცველს ამ ეტაპზე არა გააჩნია საკმარისი ადამიანურ-ფინანსური რესურსები დაიწყოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება. აუცილებელია მინიმუმ სამთვიანი მოსამზადებელი პერიოდი და დამატებითი საბიუჯეტო სახსრების დაუყოვნებლივ გამოყოფა, რათა მოხერხდეს სახალხო დამცველის აპარატში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის შექმნა და დისკრიმინაციის საკითხებზე მუშაობის გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა".

"ამ შენიშვნების გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბება და ფაქტობრივად ვერ უზრუნველყოს სახალხო დამცველის მიერ ამ მიმართულებით ეფექტური საქმიანობა", - ნათქვამია განცხადებაში.

ანტიდისკრიმინაციული კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით 2 მაისს მიიღო. მისი მიხედვით, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობა სახალხო დამცველს დაეკისრა. კანონპროექტის განხილვა მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი წარმომადგენლების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. საბოლოოდ, განხილვების პროცესში, რამდენიმე მუხლი ჩასწორდა. პროექტის ავტორი მთავრობაა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტში შესულ ვარიანტს არაეფექტიანს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ იმ ტექსტიდან, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავეს, ბევრი მუხლია ამოღებული, მათ შორის, სანქციების მექანიზმი.

 

კომენტარები