უკანონო მოსმენები

პეტრიაშვილი: არ მინდა, დავბრუნდეთ სააკაშვილის ეპოქაში, როცა ყველას უსმენდნენ

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, "ზოგადად, უკანონო მოსმენების თემა ძალიან ცუდია". პეტრიაშვილი რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობაზე ფარული თვალთვალის ფაქტს გამოეხმაურა.

"ნამდვილად არ მინდა, რომ საქართველო დაბრუნდეს სააკაშვილის ეპოქაში, როდესაც უსმენდნენ თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ოჯახს და არა მხოლოდ ტელევიზიებში, არამედ საძინებლებსა და სამზარეულოებში იყო დაყენებული სათვალთვალო კამერები. მაგრამ, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება და გამოძიება სჭირდება ამ საქმეს და მე დარწმუნებული ვარ, თუ ეს მართლა ასე იქნება, რეაგირებაც იქნება", - თქვა პეტრიაშვილმა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და გადაცემა პოზიციის წამყვანს ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ. ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი ცნობით, ვიდეომასალა შსს-დან გაუგზავნეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

პროკურატურა რუსთავის 2-ის თანამშრომლებს მიმართავს, აქტიურად ითანამშრომლონ საგამოძიებო სამსახურთან, რათა უმოკლეს დროში მოხდეს გავრცელებული ვიდეოჩანაწერების წარმომავლობის და ამ შესაძლო დანაშაულში ჩართული პირების გამოვლენა და დადგენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო საუბრების, კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები