უკანონო მოსმენები

პროკურატურამ რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის თვალთვალის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

პროკურატურა რუსთავის 2-ის თანამშრომლებს მიმართავს, აქტიურად ითანამშრომლონ საგამოძიებო სამსახურთან, რათა უმოკლეს დროში მოხდეს გავრცელებული ვიდეოჩანაწერების წარმომავლობის და ამ შესაძლო დანაშაულში ჩართული პირების გამოვლენა და დადგენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო საუბრების, კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.

"პროკურატურა ჩაატარებს ყველა საგამოძიებო მოქმედებას და ყველა ღონისძიებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება", - აცხადებს უწყება.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და გადაცემა პოზიციის წამყვანს ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ. ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი ცნობით, ვიდეომასალა შსს-დან გაუგზავნეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს.

 

კომენტარები