უკანონო მოსმენები

გიგაური: თუ შსს უთვალთვალებდა რუსთავი 2-ს, დამტკიცდება, რომ ისევ გვისმენენ

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის შეფასებით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობას ფარულად მხოლოდ კერძო პირი ვერ ჩაწერდა. მისი თქმით, ამაში სავარაუდოდ ჩართული უნდა იყვნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.

„ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს და თუკი დადგინდა, რომ მართლაც შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ამაში ჩართული, ეს იქნება ყველაზე დიდი მტკიცებულება იმისა, რომ ისევ გვისმენენ“, - თქვა ეკა გიგაურმა.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობას ბრიფინგის დაწყებამდე შეხვდნენ.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და გადაცემა პოზიციის წამყვანს ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ. ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი ცნობით, ვიდეომასალა შსს-დან გაუგზავნეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს.

კომენტარები