პრემიერმა თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ხაზების მძღოლების დასაქმება მოითხოვა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ხაზების მძღოლების პრობლემის მოგვარება და მათი დაუყოვნებლივ დასაქმება მოითხოვა. ღარიბაშვილი ქვემო ქართლის გუბერნიაში სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი მღებრიშვილსა და რუსთავის მერობის მოვალეობის შემსრულებელ დავით ჯიქიას შეხვდა.

"ჩემი გუბერნიაში სტუმრობის მიზეზი არის გამოცხადებული ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა შპს ინტერტრანსმა. მაქვს შეკითხვა: რატომ დგას ხალხი ქუჩაში, რატომ ვერ მოახერხა კომპანიამ ხალხის დასაქმება და რატომ ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას? ჩემთვის ყველა კომპანია და ბიზნესი ძვირფასია, მაგრამ უპირველესი არის თითოეული ადამიანი. არც ერთი ადამიანი არ უნდა დაიჩაგროს, კეთილი ინებოს კომპანიამ და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში იმოქმედეთ კანონის შესაბამისად. ვიცი, რომ აღნიშნული ფაქტით შეწუხებულია მერის მოვალეობის შემსრულებელი და გუბერნატორი. მოვუწოდებ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმოქმედეთ კანონის შესაბამისად," - მიმართა პრემიერმა გუბერნატორს და მერის მოვალეობის შემსრულებელს.

რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ხაზზე მგზავრთა გადაყვანას კონკურსში გამარჯვებული კომპანია ინტერტრანსი საკუთარი მიკროავტობუსებით განახორციელებს. ამას რუსთაველი მძღოლები რამდენიმე თვეა, აპროტესტებენ. მათ ორი დღის წინ, რუსთავის შესასვლელში აქცია გამართეს, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლების პროტესტი 2 მაისს მომხდარ შემთხვევასაც უკავშირდებოდა. სამარშრუტო ხაზის ერთ-ერთი მძღოლი გარდაცვლილი იპოვნეს. გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები