NDI-ის კვლევა

NDI: 74%-მა არ იცის, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ბიუჯეტიდან 25 მილიონს იღებს

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 74%-მა არ იცის, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონ ლარს იღებს.

გამოკითხულთა 55% ამართლებს იმ ფაქტს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფოსგან 25 მილიონ ლარს იღებს. 21% - არა. დასახლების ტიპის მიხედვით, NDI-ის მიერ თბილისში გამოკითხულები ყველაზე ნაკლებად ამართლებენ სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსებას. კერძოდ, კვლევაში მონაწილე თბილისელთა 48% მიიჩნევს, რომ ეკლესია ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდეს. (ქალაქები - 60%, სოფლები - 58%, აღმ. საქართველო - 59% და დას. საქართველო - 58%);

გამოკითხულთა 75%-ისთვის ასევე უცნობი იყო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4,5 მილიონი ლარი ოთხ რელიგიურ კონფესიაზე (კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო ეკლესია, ისლამური თემი და იუდეური თემი) ნაწილდება. გამოკითხულთა 39% ამ ფაქტს არ ამართლებს, 31% კი სწორად მიიჩნევს.

NDI-ის  საზოგადოებრივი განწყობის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და 3 942 ადამიანი გამოიკითხა. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ. 

კომენტარები