ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტი: რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციები უნდა გამკაცრდეს

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე რუსეთის ზეწოლისა და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციის თაობაზე". საქართველოს საგარეო სამინისტროს ცნობით, რეზოლუცია გმობს აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ რუსეთის ქმედებებს და „ყირიმის მსგავსი" რეფერენდუმის გამეორების მცდელობებს. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების გამკაცრებისკენ.

"ევროპარლამენტი მიესალმება უკრაინის მთავრობის თავშეკავებულ და მოზომილ რეაქციას შექმნილ სიტუაციაში და აღნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლებას აქვს სრული უფლება გამოიყენოს შესაბამისი ზომები, თავდაცვის უფლების ჩათვლით, გაერო-ს ქარტიის 51-ე მუხლის შესაბამისად. ევროპარლამენტი ასევე, მიესალმება უკრაინასთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პოლიტიკური ნაწილის ხელმოწერას და მოუწოდებს მხარეებს მთლიანი შეთანხმების, DC FTA-ს ჩათვლით დროული ხელმოწერისკენ. ევროპარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს ერთიანი ენერგო უსაფრთხოების პოლიტიკის (ენერგოკავშირი - Energy Union) ჩამოყალიბების აუცილებლობას, რუსეთის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს დააჩქაროს უკრაინასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების პროცესი"- აცხადებს სამინისტრო.

უწყების ცნობით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, ნებისმიერი სხვა ევროპული ქვეყნის მსგავსად, აქვთ ევროპული პერსპექტივა და შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ ევროკავშირის წევრობაზე, დემოკრატიის, ფუნდამენტური თავისუფლებების და ადამიანის უფლებების, უმცირესობების უფლებების ჩათვლით და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის შემთხვევაში.

"ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებებს, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, ხელმოწერისკენ და მიესალმება შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მის დროებით ამოქმედებას. ამასთან, რეზოლუციაში გამოხატულია ევროპარლამენტის მზაობა შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მისი შეძლებისდაგავარად სწრაფად, კომისიის არსებული შემადგენლობის მანდატის ამოწურვამდე, რატიფიცირებისთვის. რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოსა და მოლდოვასთვის უნდა გამოიყოს შეთანხმებების ეფექტიანი იმპლემენტაციისთვის საჭირო, დამატებითი ფინანსური დახმარება. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას საერთაშორისო ნორმების დარღვევით. ასევე, ნათქვამია, რომ საოკუპაციო ძალის ეფექტური კონტროლის ქვეშ ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდას და იძულებით დემოგრაფიულ ცვლილებებს. ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ პატივისცემას აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და პოლიტიკური დამოუკიდებლობისადმი" - აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.

კომენტარები