აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

საპატრიარქო აბაშიძე-კარასინის ფორმატში აძვის ეკლესიის თემის განხილვას ითხოვს

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე ისტორიულ სალოცავებთან მოსახლეობის მისვლის შესაძლებლობის საკითხის განხილვას ითხოვს. საოკუპაციო ხაზს იქით მოქცეულ სოფელ ზედა აძვის წმინდა გიორგის ტაძართან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ გამოთქვამს გულისტკივილს მავთულხლართების გაბმის და იმ დამოკიდებულების გამო, რაც ექმნება მოსახლეობას დროებით ჩვენს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე დარჩენილ სალოცავებთან მიმართებაში, რისი მომსწრეც ახლახან გახდა სოფელ ზედა აძვის წმინდა გიორგის მრევლი. ჩვენ ადრეც არაერთხელ დავსვით საკითხი რუსულ, აფხაზურ და ოსურ მხარესთან და ახლაც ვთხოვთ ბატონ ზურაბ აბაშიძეს, ბატონ გრიგოლ კარასინთან შეხვედრისას ჩვენი სახელით წამოაყენოს წინადადება, რათა ხალხს დღესასწაულებზე მისცენ საშუალება ისტორიული სალოცავების მოლოცვის, გარდაცვლილთა დაკრძალვის, ახლობლებისა და წინაპართა საფლავების მონახულების“, - აცხადებს საპატრიარქო.

ცნობისთვის, გორის რაიონის სოფელ აძვის მოსახლეობა აღდგომის დღეებში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შესვლას ითხოვს. ეკლესია საოკუპაციო ხაზს მიღმა რამდენიმე თვის წინ მოექცა და ადგილობრივები მასში შესვლას ვერ ახერხებენ. დღეს აძვში იმყოფებოდა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, რომელმაც ხელისუფლებას დახმარება სთხოვა.

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე პრაღაში უკვე გაემგზავრა. ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს ხვალ შეხვდება. აბაშიძემ გამგზავრებამდე თქვა, რომ ქართული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა და სრული ინფორმაციის მიღება, თუ როგორ უყურებს რუსეთი ამ დიალოგის პერსპექტივას და, ზოგადად, საქართველოსთან ურთიერთობებს.

კომენტარები