გიგი უგულავას საქმე

მოსამართლემ გიგი უგულავას შვილთან სატელეფონო საუბარი მტკიცებულებად არ დაუშვა

Gigi Ugulava
Tabula

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე, გიგი უგულავასა და მისი არასრულწლოვანი შვილის სატელეფონო საუბარი მტკიცებულებად არ დაუშვა. ასევე, დღევანდელ პროცესზე, მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის გიორგი საბანაძის გამოკითხვის ოქმები დაუშვებლად ცნო. 

მოსამართლის თქმით, გიგი უგულავას და მისი შვილის სატელეფონო ჩანაწერი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას, პირად ცხოვრებასთან მიმართებაში. მოსამართლის განმარტებითვე, სატელეფონო ჩანაწერს შინაარსობრივად ბრალდებასთან კავშირი არ აქვს და ის საპროცესო ნორმების დარღვევით არის მოპოვებული. ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, კერძოდ, გიგი უგულავა ითხოვდა, რომ არასრულწლოვან შვილთან მისი სატელეფონო საუბარი სასამართლოს მტკიცებულებად არ მიეღო. 

მოსამართლის განმარტებითვე, ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი საბანაძის გამოკითხვის ოქმები საპროცესო კოდექსის დარღვევის პირობებშია მოპოვებული და იგი საქმის არსებით განხილვას არ დაერთვება. თუმცა ადეიშვილი და საბანაძე, რომლებიც აღნიშნავენ, რომ გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებულ ბრალდებაში ბრალი არ მიუძღვის, დაცვის მხარის მოწმეთა ნუსხაში რჩებიან.

თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დაცვის მხარე საქმის პროკურორების აცილებას ითხოვს, თუმცა, ჯერჯერობით, მოსამართლეს გადაწყვეტილება არ მიუღია.

ცნობისთვის, პროკურატურამ გიგი უგულავას საქმეს დაურთო სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც უგულავა არასრულწლოვან შვილს შეხვედრას უთანხმებს. ამასთან, პროკურატურამ დაცვის მხარის რამდენიმე შუამდგომლობის, კერძოდ კი, ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი საბანაძის დაკითხვის ოქმების ბათილად ცნობა მოითხოვა, რადგან, ბრალდების მხარის თქმით, ორივე მათგანი ძებნილია, ხოლო დოკუმენტი კანონდარღვევით არის შედგენილი.

კომენტარები