ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა

სახალხო დამცველი დისკრიმინაციის აკრძალვაზე ზედამხედველობისთვის მზად არის

საქართველოს სახალხო დამცველი დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობის ფუნქციის შესასრულებლად სრულ მზადყოფნას  გამოთქვამს.   საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული - „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ - კანონპროექტის თანახმად, დისკრიმინაციის აკრძალვაზე ზედამხედველობას  საქართველოს სახალხო დამცველი განახორციელებს.

განცხადებაში, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა გაავრცელა, ნათქვამია, რომ  საქართველოს კონსტიტუციით ადამიანის უფლებებზე ზედამხედველობა სახალხო დამცველის კომპეტენცია და ვალდებულებაა. „ამ შემთხვევაში კანონპროექტი განსხვავებულ მიდგომას და უფლებამოსილების ფორმებს გვთავაზობს, რომელიც საზედამხედველო კომპეტენციას უფრო ეფექტურს გახდის“, - მიიჩნევს სახალხო დამცველი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტში სახალხო დამცველის შენიშვნების ნაწილი უკვე  ასახულია. მიუხედავად ამისა, ომბუდსმენის აპარატი რამდენიმე პრობლემურ საკითხს გამოყოფს: კანონპროექტის თანახმად, სახალხო დამცველს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩადენილი სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედებების გამო სასამართლოსთვის მიმართვის კომპეტენცია ეძლევა. თუმცა, ომბუდსმენს მიაჩნია, რომ მას, არამხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს, არამედ კერძო პირთა მიერ ჩადენილ სავარაუდო დარღვევებზეც სასამართლოსთვის მიმართვის საშუალება უნდა მიეცეს. ამასთან, სახალხო დამცველი კერძო პირების მიმართ საქმის განხილვისთვის საჭირო მნიშვნელოვანი დოკუმენტების გამოთხოვის შესაძლებლობას ითხოვს.

სახალხო დამცველის კიდევ ერთი შენიშვნა ეხება იმას, რომ კანონპროექტი სახალხო დამცველის აპარატისთვის დამატებითი ფინანსური ასიგნებების გამოყოფას არ ითვალისწინებს. „არსებული რესურსების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველი ეფექტური ღონისძიებების განხორციელებას ვერ შეძლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ომბუდსმენი კანონპროექტში ჩამოყალიბებულ დისკრიმინაციის ცნებას, სახალხო დამცველის მიერ საქმისწარმოების შეწყვეტის და სასამართლოსთვის მიმართვის პროცედურებსაც შეეხო. 

კომენტარები