ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა

პარლამენტთან ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვის შეწყვეტას ითხოვენ

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

პარლამენტთან, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები და მრევლი ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვის შეწყვეტას ითხოვენ. აქციაზე დაახლოებით 300-მდე ადამიანია შეკრებილი. მათი თქმით, კანონპროექტის მიღება "მამათმავლობის დაკანონებას ნიშნავს". აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.

საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილებით კი, ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღის წესრიგში რჩება. კანონპროექტის განხილვას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებიან, რომლებიც პროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანას ითხოვენ. კომიტეტის სხდომაზე მივიდნენ სასულიერო პირებიც.

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განხილვის შეჩერება გუშინ პატრიარქმა მოითხოვა. ამასთან, ანტიდისკრიმინაციულ კანონს სავარაუდოდ ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.

პარლამენტის ვიცესპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, "ჩვენ პატივს ვცემთ პატრიარქისა და საპატრიარქოს პოზიციას, კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ პატივისცემას და, ამავე დროს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვაუწყებთ, რომ რაიმე საფრთხეები ამ კანონის მიღებით არ იქნება. მით უმეტეს, რაღაც ამორალურის არანაირი პროპაგანდა ამ კანონში არ არის. არაფრის წახალისება არ ხდება".

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ტარიელ ლონდარიძის აზრით კი, პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი უნდა მიიღოს. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ერთია საპატრიარქოს პოზიცია და მეორეა, ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი.

კომენტარები