ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა

ხელისუფლებას ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის გაუარესებაში ადანაშაულებენ

არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების ნაწილი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციები მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ უკმაყოფილებას გამოხატავენ და მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილი ვერსია დისკრიმინაციასთან ბრძოლის იმ მოდელისა და სტანდარტებისგან არსებითი უკანდახევაა, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური თანამშრომლობის გზით შეიმუშავა და, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებმა პოზიტიურად შეაფასეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კანონპროექტიდან ამოღებულია დისკრიმინაციის აღმოფხვრის ეფექტური რეპრესიული და პრევენციული მექანიზმები, რომელიც დამრღვევის მიმართ ჯარიმის დაკისრებასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი სავალდებულო ღონისძიებების კონტროლის ინსტრუმენტებს ითვალისწინებდა. ამასთან, ხელმომწერ ორგანიზაციებს დისკრიმინაციის ფაქტების განხილვისა და მათი აღსრულების პროცესში სახალხო დამცველის კომპეტენციები და პროცედურული გარანტიები სუსტად და არაეფექტურად მიაჩნიათ.

განცხადების თანახმად, მთავრობის არგუმენტი, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოება რეპრესიული და ეფექტური მექანიზმების იმპელემენტაციისთვის ამ ეტაპზე მზად არ არიან, გაზიარებული ვერ იქნება, რადგან დისკრიმინაციასთან ბრძოლის ინსტრუმენტები ასევე მოიცავს საგანმანათლებლო, პრევენციულ ღონისძიებებს და დაჯარიმება უკიდურესი სამართლებრივი რეაგირების საშუალებად შეიძლება იყოს გამოყენებული.

„კანონპროექტში განსაკუთრებით სადავო მე-5 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებია, რომელიც კანონის დებულებების არასწორი გამოყენების და უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის გაუმართლებელ შეზღუდვებს ადგენს და კანონის ინტერპრეტირებას დომინანტი ჯგუფების ინტერესების პრიზმიდან გვთავაზობს, რაც სამართლებრივად დაუსაბუთებელი და არავალიდურია, თუმცა კანონპროექტის ღირებულებით სულისკვეთებას აჩვენებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერთა აზრით, განსაკუთრებით არარელევანტური სპეციალური მითითების გაკეთებაა იმის შესახებ, რომ კანონის არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი  სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციურ შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდეს, რადგან თავად კონსტიტუცია კონსტიტუციურ შეთანხმებაზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების პრიმატს აღიარებს.

„კონსტიტუციური შეთანხმების მასშტაბი ხელშემკვრელ მხარეებს შორის ურთიერთობას არ სცდება და სხვა პირების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას არ გულისხმობს, რაც ასეთ შემთხვევაში დისკრიმინაციად შეფასდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ არსებული ვერსიით კანონის მიღება, რომელიც სახალხო დამცველის კომპეტენციებს მხოლოდ უმნიშვნელოდ აფართოებს, დღეს არსებულ საკანონმდებლო რეალობას არსებითად არ შეცვლის და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმი არ გახდება.

განცხადების ხელმომწერები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ქვეყანაში თანასწორობის უზრუნველყოფისთვის გადადგმული მისი მცდელობები და ძალისხმევა ეფექტურ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ გარანტიებში ასახოს. ამ მიზნით კი, პარლამენტს, ასევე მთავრობას მიმართავენ, რომ კანონპროექტის საჯარო და სამართლიანი განხილვა უზრუნველყონ და კანონპროექტში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების გატარების მზაობა გამოხატონ.

განცხადების ხელმომწერები რამდენიმე მოთხოვნას აყენებენ:

- სახალხო დამცველის მანდატის ქვეშ დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში სპეციალიზირებული დამოუკიდებელი ჯგუფი შეიქმნას, რომელიც, მათ შორის, რეპრესიული ფუნქციით იქნება აღჭურვილი და დამოუკიდებლობის ადეკვატური გარანტიები ექნება. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია, ჯგუფი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე გამოცდილი ექსპერტებით დაკომპლექტდეს, რომლებსაც ლიბერალური და სოლიდარული ღირებულებები გააჩნიათ;

- სახელმწიფომ სახალხო დამცველის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობის ვალდებულების აიღოს, რაც მისთვის დამატებითი საბიუჯეტო და საკადრო რესურსების დამატებას გულისხმობს;

- უფლების ბოროტად გამოყენების შესახებ კანონის პროექტის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ამოიღონ;

- დისკრიმინაციის ფაქტების სათანადოდ შესწავლის მიზნით განხილვის ეფექტური გარანტიები იყოს შემოტანილი, რაც, მათ შორის მტკიცების ტვირთის მოპასუხე მხარისთვის დაკისრებას, ასევე ინფორმაციის წარდგენის თაობაზე კერძო პირებისთვის ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებას  გულისხმობს;

- განისაზღვროს სახალხო დამცველის მიერ დისკრიმინაციის მსხვერპლებისთვის სასამართლოში წარმომადგენლობითი კომპეტენციები;

- გაიზარდოს მორიგების პირობების, ისევე როგორც დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციის შესრულების კონტროლის მექანიზმების ეფექტურობა;

„მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მექანიზმი ვერ იქნება, თუკი დისკრიმინაციის ჩამდენი პირის დაჯარიმების შესაძლებლობა არ იარსებებს. განცხადების ხელმომწერ ორგანიზაციებს დაჯარიმების მექანიზმის არსებობა პრინციპულ აუცილებლობად მიაჩნიათ, რომლის გარეშეც აღნიშნული კანონის მიღება რეალურ მნიშვნელობას  მოკლებული იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.  

განცხადება ხელმოსაწერად ღიაა. ამ ეტაპზე განცხადებას ხელს აწერენ:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი;

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;

იდენტობა;

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო;

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო;

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი;

კონსტიტუციის 42-ე მუხლი;

მედიის განვითარების ფონდი;

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი;

ქალთა ფონდი საქართველოში;

კავშირი საფარი;

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი;

დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრი;

ორგანიზაცია „ვიმეგობროთ“;

ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი;

მრავალეროვანი საქართველო;

ქურთული ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი;

საქართველოს რეფორმების ასოციაცია;

სამოქალაქო განვითარების სააგენტო;

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია;

სახარების რწმენის ეკლესია (ორმოცდაათიანელები);

ქართველ მუსლიმთა კავშირი;

სომეხთა სამოციქულო  წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია;

მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია.

კომენტარები