ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა

დავით უსუფაშვილი: თვალის ფერის და წარმომავლობის გამო არ უნდა დაგვჩაგრონ

„ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა სერიოზული თემაა არა იმიტომ, რომ ამას ევროპა გვთხოვს, არამედ ჩვენ გვაქვს მოთხოვნილება, რომ ვიღაცამ იმის გამო არ დაგვჩაგროს, რომ ჩვენი თვალის ფერი, კუთხური წარმომავლობა, განათლება, ასაკი, ან სხვა რაღაც არ მოსწონს“, - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

უსუფაშვილის თქმით, ხელისუფლება ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესახებ ყველა მოსაზრებას მოისმენს. როგორც უსუფაშვილი ამბობს, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსაზრებები აქვთ და მიიჩნევენ, რომ რაღაც სხვანაირად უნდა იყოს.

„ამ საკითხის შესახებ ერთი ეტალონი არ არსებობს. თავისუფლებებისთვის მეტი გარანტიების შესაქმნელად დიდი ნაბიჯებით მივდივართ. ჩვენ სერიოზულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, მთავრობამ ადამიანის უფლებების დაცვის 7-წლიანი ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა. ეს დოკუმენტი სამოქმედო გეგმასთან ერთად პარლამენტშიც მოვა. ბუნებრივია, საზოგადოებაში ყოველთვის არის ხალხი, რომელსაც კიდევ მეტი უნდა. ეს ხალხი რომ არ იყოს, პროგრესი გაჩერდებოდა, მაგრამ მხოლოდ მათ თუ მივყვებით, შეიძლება ძალიან უკან აღმოვჩნდეთ. ისე უნდა ვიაროთ, რომ საზოგადოებას ესმოდეს, წინ რატომ მივდივართ. ვნახეთ, ძალით თავსმოხვეული კონცეფციები სადამდე მიდის. საქართველო, ქართველი ადამიანების ცხოვრება უნდა გავაუმჯობესოთ და არ ვეცადოთ, რომ ისინი სხვანაირებად ვაქციოთ“, - აღნიშნავს უსუფაშვილი.

კომენტარები