"იგრძნობა, რომ 25 წლის შემდეგაც ისევ იქ ვართ, იმედებით სავსე. რუსეთი წლიდან წლამდე საკუთარ ჯარებს კვლავაც აგზავნის მორიგი დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ოკუპაციისათვის, დანარჩენი მსოფლიო კი, ამას თითქოს ვერაფერს ვუპირისპირებთ" - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, 1989 წლის 9 აპრილზე საუბრისას და აღნიშნა, რომ 9 აპრილის იმ ტრაგიკულ ღამეს, როდესაც რუსეთის ჯარი თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაციის დასარბევად შემოვიდა, "მაინც გვიხაროდა, რომ იმპერიის დასასრული გამოჩნდა და გვჯეროდა, რომ მთელი მსოფლიო იბრძოლებდა მშვიდობისათვის და არ დაუშვებდა იმპერიალიზმს".
ხიდაშელის თქმით, მათ, ვინც მე-20 საუკუნეში დარჩა, შეახსენებს, რომ რომ საბჭოთა კავშირი დასრულდა და საქართველო, მოლდოვა და უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან.
"ჩვენ თავად ვაკეთებთ არჩევანს და რუსეთი ამ არჩევანის ნაწილი არ არის. ასეთია ფაქტები და ისინი არ შეიცვლება, ისტორიას თავისი ლოგიკა აქვს, ყირიმი აუცილებლად დაბრუნდება, დნესტრისპირეთიც, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთიც აუცილებელად დაბრუნდება, ასეთია ისტორიის ლოგიკა. ამის დასტურია ის, რომ თქვენ აღარ დგახართ პრაღასა და ტალინში. აღარ არსებობს ბერლინის კედელი. დღეს, კოლეგებო, სრული მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ უკრაინის დემოკრატიულ ხელისუფლებას. ხოლო ხვალ, ასეთივე მკვეთრი და ნათელი პასუხი უნდა გავცეთ რუსეთს, რომ ამ ასამბლეაში, ამ დარბაზში, ჩვენს გვერდით არ არის ადგილი იმ ადამიანების, ვინც ხმას აძლევენ დამოუკიდებელი ქვეყნების ოკუპაციასა და ანექსიას" – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა სტრასბურგში მიმდინარეობს. დღეს, ევროპარლამენტარები უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებენ, ხოლო ხვალ - რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებას.





