საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ პარლამენტში შესული კანონპროექტი აღარ ითვალისწინებს სპეციალური ინსტიტუტის - თანასწორობის დაცვის ინსპექტორის შექმნას. საია აღნიშნავს, რომ ამის ნაცვლად თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა ეკისრება საქართველოს სახალხო დამცველს, რომელსაც პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი საშუალებები არ აქვს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ასევე მოუწოდებს პარლამენტს, რომ კანონპროექტში დააბრუნოს დისკრიმინაციის განმახორციელებელი პირებისათვის ჯარიმების დაკისრების თაობაზე ნორმა.
საია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ პარლამენტში შესულ კანონპროექტს არაეფექტიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული დოკუმენტი განსხვავდება რამდენიმე თვის წინ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ავტორობით შექმნილი პროექტისაგან, რომლის მომზადებაშიც ჩართულნი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ეთნიკური, რელიგიური და სხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები.
„საიას განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ კანონპროექტიდან გამქრალია ნორმა, რომელიც ითვალისწინებდა დისკრიმინაციის განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული პირის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დაჯარიმების შესაძლებლობას. ამ მექანიზმს იწონებდა პროცესში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების თითქმის ყველა წარმომადგენელი“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ პარლამენტისათვის წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტში შედის სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი. აღნიშნული ითვალისწინებს დისკრიმინაციის მსხვერპლის უფლებას, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა ან/და მისი აღმოფხვრა, ასევე, დისკრიმინაციული ქმედების ჩამდენი პირისაგან მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
თუმცა, საია აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციულ ქმედებას ხშირად არ მოჰყვება რაიმე მატერიალური ხასიათის ზიანი, მორალური ზიანის მტკიცება კი, პრაქტიკაში გართულებულია. აქედან გამომდინარე, დისკრიმინაციის განმახორციელებელი პირი, უმეტეს შემთხვევაში, ფულადი სანქციების გარეშე დარჩება.
„ცხადია, დამრღვევისთვის ჯარიმის დაკისრება არ წარმოადგენს თვითმიზანს. ჯარიმა არა მარტო ეფექტური მექანიზმია იმისათვის, რომ დისკრიმინაციის განმახორციელებელი პირი იძულებული გახდეს, შეწყვიტოს დისკრიმინაციული ქმედება, არამედ ფულადი სანქცია ახდენს პრევენციულ ზემოქმედებას ნებისმიერ პირზე, იმისათვის, რომ მომავალში აღარ გაიმეოროს დისკრიმინაციული ქმედება. ფულადი ჯარიმების ან/და პასუხისმგებლობის რაიმე ეფექტური მექანიზმის დადგენის გარეშე, პრაქტიკულად, შეუძლებელია ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტიანობის ამაღლება“, - განმარტავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ განმარტებით ბარათში კანონპროექტის მიღების მიზეზად არსებული ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის არაეფექტიანობაა დასახელებული. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, სახალხო დამცველი დისკრიმინაციის მსხვერპლის უფლების აღდგენის მიზნით რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის დაწესებულებასა და კერძო პირს.
„აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოქმედი კანონმდებლობა დისკრიმინაციის მსხვერპლის დასაცავად თითქმის იმავე უფლებამოსილებას ანიჭებს სახალხო დამცველს. ამგვარად, კანონპროექტი დიდწილად იმეორებს იმ მექანიზმებს, რაც ისედაც არსებობს და რაც ამავე კანონპროექტის განმარტებით ბარათშივე არაეფექტიანად არის მიჩნეული. ჩნდება კითხვა: რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი დაწესებულება ან კერძო პირი არ გაიზიარებს სახალხო დამცველის რეკომენდაციას? მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, სახალხო დამცველი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს დისკრიმინაციის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს (და არა კერძო პირის) წინააღმდეგ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად. საკანონმდებლო პაკეტში არ არის შეტანილი „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც გაითვალისწინებდა სასამართლოში სახალხო დამცველის სარჩელის განხილვის თავისებურებებს. აქედან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით სახალხო დამცველისათვის გათვალისწინებული უფლებამოსილება - მიმართოს სასამართლოს, არაეფექტიან მექანიზმად დარჩება“, - აცხადებს საია და აღნიშნავს, რომ კანონპროექტში, ასევე, არის სხვა მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომელთან დაკავშირებითაც დეტალურ სამართლებრივ დასკვნას საქართველოს პარლამენტს უახლოეს დღეებში წარუდგენს.
საქართველოს პარლამენტში დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტი 2 აპრილს შევიდა. კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.





