კრიზისი უკრაინაში

რასმუსენი: რუსეთს უკან დახევისკენ მოვუწოდებ

NATO Secretary-General Andres Fogh Rasmussen speaks at the news conference during informal NATO Foreign Ministers meeting in Tallinn
Ints Kalnins / REUTERS

NATO-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები შეშფოთებას იწვევს. ის რუსეთს მოუწოდებს, უკან გაიყვანოს ათობით ათასი ჯარისკაცი, რომელიც უკრაინის საზღვრებთანაა, ასევე დაიწყოს ჭეშმარიტი დიალოგი უკრაინის ხელისუფლებასთან და პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს. ამის შესახებ მან პარიზში პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

”აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები შეშფოთებას იწვევს. რუსეთს უკან დახევისკენ მოვუწოდებ. ნებისმიერი ნაბიჯი აღმოსავლეთ უკრაინაში იქნება სერიოზული ესკალაციის გამოვლინება, ვიდრე დეესკალაციისა, რომელსაც ჩვენ ასე ვესწრაფვით. მოვუწოდებთ რუსეთს, უკან გაიყვანოს ათობით ათასი ჯარისკაცი, რომელიც უკრაინის საზღვრებთანაა, დაიწყოს ჭეშმარიტი დიალოგი უკრაინის ხელისუფლებისგან და პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს”, - თქვა რასმუსენმა.

რასმუსენის შეფასებით, NATO-სა და ევროკავშირის კოორდინირებული თანამშრომლობა უკრაინისთვის კარგი იქნება.

”ჩვენ ყველა დაინტერესებული ვართ, დავეხმაროთ უკრაინას სტაბილიზაციასა და გაძლიერებაში. ევროკავშირს შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს და დაეხმაროს უკრაინას მილიციისა და სასაზღვრო სამსახურის რეფორმირებაში. NATO-ს კი შეუძლია, დახმარება აღმოუჩინოს უკრაინის თავდაცვის სტრუქტურებისა და შეიარაღებული ძალების რეფორმირებაში, როგორც უკრაინის ხელისუფლებამ გვთხოვა.

ასეთი ახლო და კოორდინირებული თანამშრომლობა NATO-სა და ევროკავშირს შორის კარგი იქნება უკრაინისთვის. ასევე კარგი იქნება ევროპისა და ჩრდილო ამერიკისთვის. ჩვენი ძალა ჩვენს სოლიდარობაშია. უბრალოდ, ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, როდესაც ერთად ვმოქმედებთ. ეს არ ეწინააღმდეგება ეროვნულ სუვერენიტეტს. ეს აძლიერებს მას”, - აღნიშნა რასმუსენმა პრესკონფერენციაზე.

კომენტარები