საზოგადოება

კლასებში მოსწავლეების რაოდენობის შემცირება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში გაკვეთილზე მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობის შემცირების ინიციატივით გამოდის. არსებული რეგულაციით, კლასში მაქსიმუმ ოცდაათი მოსწავლე შეიძლება იყოს, გამონაკლის შემთხვევებში კი – ოცდათხუთმეტი. მინისტრის განცხადებით, კლასში მაქსიმალური რაოდენობა 25 მოსწავლემდე შემცირდება.

კლასში მოსწავლეების რაოდენობის შემცირება პოპულარული ნაბიჯია. თუმცა მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ამგვარ ცვლილებას განათლების ხარისხის გაუმჯობესება ყოველთვის არ მოჰყვება.

რა შეიძლება იყოს მოსწავლეების რაოდენობის შემცირების სარგებელი? ერთი შეხედვით, მასწავლებელი მეტ დროს დახარჯავს თითოეულ მოსწავლეზე. მოსწავლესაც მეტი შესაძლებლობა ექნება მასწავლებელთან საკუთარი ცოდნის გადასამოწმებლად.

ზოგ მასწავლებელს მოსწავლეების საერთო რაოდენობაც შეუმცირდება. მაგალითად, მასწავლებელს, რომელიც ხუთ განაყოფს ასწავლის, დღევანდელ ვითარებაში მაქსიმუმ 175 მოსწავლე შეიძლება ჰყავდეს. ახალი წესის პირობებში ეს რიცხვი 125-მდე შემცირდება. ასეთ შემთხვევაში მას მეტი დრო დარჩება მოსწავლეების ნამუშევრების გასასწორებლად და თითოეული მოსწავლის უკეთ გასაცნობად.

ახალ პირობებში ზოგ დამრიგებელსაც ნაკლები მოსწავლე ეყოლება მისახედი. ეს ყველაფერი, ამ ინიციატივის მომხრეების აზრით, დადებითად აისახება მოსწავლეების ქცევაზე, აკადემიურ მოსწრებასა და სკოლის კულტურის ჩამოყალიბებაზე.

ამგვარ მოსაზრებას თავისი მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. მათ პოზიციას მხარს უმაგრებს ის, რომ როგორც კონკრეტული ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნებს შორის შედარებისას კლასში მოსწავლეების სიმცირე ყოველთვის უფრო მაღალ აკადემიურ მიღწევებს არ ნიშნავს. მაგალითად, შესაძლოა საქართველოში საშუალოდ მოსწავლეების რაოდენობა კლასებში უფრო ნაკლებია, ვიდრე იაპონიაში, მაგრამ იაპონელ მოსწავლეებს უკეთესი შედეგები აქვთ საერთაშორისო ტესტირებებში. ასევე, საქართველოს სოფლის სკოლებს საშუალოდ უარესი შედეგები აქვთ ამავე ტესტირებებზე, ვიდრე ქალაქის სკოლებს, მიუხედავად კლასებში მოსწავლეების შედარებითი სიმცირისა.

მხოლოდ მოსწავლეთა რაოდენობა გადამწყვეტი შეიძლება არ იყოს ხარისხისთვის და მრავალი პირობაა გასათვალისწინებელი აზრიანი შედარებისთვის. სკოლის კულტურა ან სოციალური გარემოს მაჩვენებლები შესაძლოა ცვლიდეს კლასის ზომის ეფექტს. თუმცა დავსვათ კითხვა სხვაგვარად. იქნებოდა თუ არა საქართველოს ქალაქის სკოლებში კიდევ უფრო უკეთესი შედეგები, თუ კლასებში ნაკლები მოსწავლე იქნებოდა?

პასუხის ერთმნიშვნელოვნად გაცემა აქაც რთულია. ამის საილუსტრაციოდ 1985 წელს აშშ-ის ტენესის შტატში სპეციალურად ამ თემაზე ჩატარებული ექსპერიმენტი გამოდგება. თერთმეტი ათასზე მეტი პირველკლასელი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით სხვადასხვა ზომის ჯგუფებში გადაანაწილეს.

ამ მოსწავლეებზე დაკვირვება მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მცირერიცხოვან ჯგუფებში მყოფებს უკეთესი შედეგები ჰქონდათ პირველი ოთხი წლის შემდეგ. მოსწრებას შორის განსხვავება ნელ-ნელა გაქრა. თუმცა მცირე ჯგუფებში მყოფები უფრო ხშირად და მეტი წარმატებით აბარებდნენ კოლეჯებში, ვიდრე სხვები. მცირე ჯგუფებში ყოფნას ყველაზე მაღალი გავლენა სოციალურად დაუცველებისთვის ჰქონდა.

ტენესის კვლევა მნიშვნელოვანი არგუმენტი გახდა სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის. ასე, 1996 წელს კალიფორნიაში კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირების პროგრამა დაიწყეს.

კალიფორნიის გადაწყვეტილება მრავალმხრივ წარუმატებელი იყო. კლასებში მოსწავლეების შემცირებამ ბევრ სკოლაში ახალი განაყოფების გაჩენა გამოიწვია. ამიტომ, სკოლებს ხშირად ახალი მასწავლებლების დაქირავება უწევდათ. ახალი მასწავლებლების ნაწილი ძველებთან შედარებით უფრო დაბალი კვალიფიკაციის იყო. ამგვარად, კლასებში მოსწავლეების შემცირების პროგრამის გამო მოსწავლეების ნაწილისთვის სწავლების ხარისხი დაეცა.

პროგრამამ ხარისხიანი მასწავლებლების სკოლებს შორის არათანაბარი გადანაწილების გამძაფრებაც გამოიწვია. შედარებით შეძლებულმა სკოლებმა მასწავლებლების გადაბირება მეზობელი, ნაკლებად შეძლებული სკოლებიდან დაიწყეს. ასე ზოგ შემთხვევაში საშუალო და დაბალი შედეგების მქონე სკოლებმა თავიანთი საუკეთესო მასწავლებლები დაკარგეს, რამაც მათი მოსწავლეებისთვის პირობები გააუარესა.

გარდა იმისა, რომ მასწავლებლების დაქირავების პრობლემა შეიქმნა, გამოჩნდა, რომ მცირე ჯგუფებში მასწავლებლები ხშირად ისევე ასწავლიდნენ, როგორც დიდ ჯგუფებში, რაც ხარისხს არ აუმჯობესებდა. მსგავსი მაგალითი თავადაც მინახავს თბილისში, როდესაც დიდი სკოლიდან პატარაში გადმოსული მასწავლებელი ათბავშვიან კლასში ისე ატარებდა გაკვეთილს, თითქოს 50-ბავშვიანი კლასის ბოლო მერხზე მყოფისთვის ცდილობდა ხმის მიწვდენას.

კალიფორნიის მაგალითზე რამდენიმე დასკვნის გაკეთებაა შესაძლებელი. ცხადია, რომ კონკრეტულ კონტროლირებად პირობებში შედეგიანი მოდელის წარმატება შედარებით თავისუფალ პირობებში დანერგილის იდენტური ყოველთვის ვერ იქნება. მეორე მხრივ, ისევე, როგორც კალიფორნიაში, საქართველოშიც კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის მაქსიმალური რაოდენობის შეზღუდვა სავარაუდოდ პოპულარული ნაბიჯი იქნება, ამ ნაბიჯის მასშტაბის თუ განათლების ხარისხზე გავლენის მიუხედავად.

რეალურად რამდენ სკოლაში მოხდება კლასებში მოსწავლეების შემცირება? ილიას უნივერსიტეტში ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევის ანგარიშის თანახმად (ბერიკა შუკაკიძე, შორენა მაღლაკელიძე, ზურაბ გიორგობიანი), საქართველოში 2013 წელს არსებული 2080 საჯარო სკოლიდან 1569-ში 299 ან ნაკლები მოსწავლეა. შესაბამისად, საშუალოდ საჯარო სკოლების 75%-ში მოსწავლეების რაოდენობა კლასში 25 მოსწავლეს არ აღემატება. ამ სკოლების უმეტესობა სოფლებსა და მაღალმთიან რაიონებშია.

თუ გავითვალისწინებთ, რომ საჯარო სკოლებში მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს, თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სკოლების წილი, რომლებსაც ახალი წესი არ შეეხება, საჯარო სკოლების საერთო რაოდენობის 75%-ზე მეტი იქნება. თუ დავუმატებთ იმასაც, რომ ეს რეგულაცია თავდაპირველად სავარაუდოდ მხოლოდ პირველ კლასში ამოქმედდება, ხელშესახები ცვლილება სკოლებში, კლასებში, მოსწავლეთა რაოდენობის თვალსაზრისით, უპირატესად ქალაქის სკოლებში და ისიც მრავალწლიანი სტაბილური პოლიტიკის შედეგად იქნება მიღწევადი.

სტაბილურობა საქართველოს განათლების პოლიტიკაში კი სერიოზული პრობლემაა. ახალი სასწავლო გეგმის შემოღებისას 2006 წელს, მოსწავლეების კლასებში მაქსიმალურ რაოდენობად სწორედ 25 მოსწავლე დადგინდა. ამ ნორმამ მაშინ მანამდე არსებული, ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქის წესი ჩაანაცვლა, რომლის მიხედვითაც სკოლებს მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობის არარსებობის შემთხვევაში კლასების გაყოფა ეკრძალებოდათ.

თუმცა, სულ რამდენიმე წელიწადში, მოსწავლეთა კლასში მაქსიმალური რაოდენობის ზრდა ისევ დაიწყო, რითიც დღევანდელ მდგომარეობამდე მივედით. კვლავ აღდგა კლასების გაყოფისას მინიმალური რაოდენობის შესახებ წესი, რომელიც განათლების ახალი დაფინანსების პირობებში, როდესაც სკოლები თავად იყვნენ ვალდებული განესაზღვრათ საკუთარი ბიუჯეტი, სრულიად ანაქრონისტული იყო.

უნდა ველოდოთ თუ არა 2006 და 2014 წელს შემოღებულ მსგავს რეგულაციებს შორის შედეგობრივ სხვაობას? პროგნოზის გაკეთებისას ცვლილებების კონტექსტი არ უნდა დავივიწყოთ. მოსწავლეების რაოდენობის შემცირება პირველად ახალი სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და სწავლების მეთოდების შემოტანის მცდელობას უკავშირდებოდა. ქალაქის მასწავლებლების ნაწილი ინტერაქტიული სწავლების მეთოდების გამოყენების სიმცირეს გადატვირთული კლასების პრობლემით ხსნიდა. მოსწავლეების რაოდენობის შემცირება ერთ-ერთი ინიციატივა იყო სხვა ნაბიჯებთან ერთად, რასაც მასწავლებლების მიერ სიახლეების მიღების მოტივაცია უნდა გაეზარდა.

მაქსიმალური რაოდენობის შეზღუდვის პირველად შემოსვლისას, სკოლები მხოლოდ იწყებდნენ მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერის საფუძველზე მიღებული ბიუჯეტით ხელმძღვანელობას. თითოეულ მოსწავლეზე გათვლილი დაფინანსებაც საკმაოდ მცირე, ქალაქში 220 ლარი იყო. შესაბამისად, სკოლები მოსწავლეების რაოდენობის ცვლილება ამ სკოლებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი მაშინ არ იყო. დღეს ვითარება სხვაგვარია.

მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ ქალაქის პოპულარული საჯარო სკოლა, სადაც ხუთი 30-მოსწავლიანი პარალელური კლასი იხსნებოდა. ახალი რეგულაციის შემოღების შემთხვევაში, თუ სკოლა კლასების რაოდენობას არ გაზრდის, პირველკლასელთა რაოდენობა 150-დან 125-მდე შემცირდება. პირველკლასელს სახელმწიფო წელიწადში ყველაზე დიდ სკოლებში 390 ლარით აფინანსებს. ეს კი აღწერილ ჰიპოთეტურ შემთხვევაში ამ კონკრეტული სკოლისთვის 9750 ლარის დანაკლისს ნიშნავს, ხოლო სხვა სკოლისთვის – მოგებას.

რას მოიგებენ მოსწავლეები? აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია. ზოგ მათგანს, რომელიც ამ პოპულარულ სკოლაში ვერ მოხვდება, შეიძლება ისეთ სკოლაში სწავლა მოუწიოს, რომელიც მისი მშობლების აზრით ნაკლებად მიმზიდველია. ის კი, ვინც ამ სკოლაში ისწავლის, სინამდვილეში ისეთ ორგანიზაციაში მოხვდება, რომელსაც წინა წელთან შედარებით ნაკლები ფინანსები ექნება დამატებითი სერვისების შესათავაზებლად.

თუმცა არც ეს ვითარება შეგვიძლია წინასწარ ვიწინასწარმეტყველოთ მაღალი სიზუსტით, რადგან ვიცით ისიც, რომ სკოლები საკმაოდ სწრაფად უღებენ ალღოს ცვლილებებს და არცთუ ყოველთვის დადებით ნაბიჯებს დგამენ. ასე გააუქმეს ზოგან საერთო გამოყენების ოთახები, შეამცირეს კლასების სივრცეები და გაზარდეს პარალელების რაოდენობა.

ქართული და საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ კლასებში მოსწავლეების რაოდენობის შემცირება უპირობოდ დადებით შედეგებს ვერ მოიტანს. ამიტომ, უკეთესია, თუ სახელმწიფო იმ სკოლებში დაიწყებს ამ ცვლილების დანერგვის პროგრამას, სადაც პირობები სათანადოდ და სკოლასთან კონსულტაციების საფუძველზე მომზადდება.

კომენტარები