უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლო: მაია ფანჯიკიძის განცხადება არაკომპეტენტურია

უზენაესი სასამართლო საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის მიერ 24 მარტს ჰააგაში გაკეთებულ განცხადებას არაკომპეტენტურს უწოდებს. ფანჯიკიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ აშშ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებით შეშფოთებულია. 

”ჩვენ მას განვიხილავთ როგორც რჩევას. იქ არის ნათქვამი, რომ კანონზე მაღლა არავინ არ დგას, მაგრამ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რადგანაც ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ჯერჯერობით მყიფეა. მე ვფიქრობ, სწორედ ეს არის ამ განცხადების ამოსავალი წერტილი. რასაკვირველია, გასაგებია, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან კარგად იციან, თუ  როგორი სუსტი იყო სამართალდამცავი ორგანოები საქართველოში, როგორი სუსტი იყო სასამართლო, რომელსაც მოქალაქეების წინააღმდეგ 99% ლამის გამამტყუნებელი განაჩენი გამოჰქონდა”, - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

სასამართლო აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან მსგავსი განცხადება არაკომპეტენტურია და სასამართლოს იმიჯის დისკრედიტაციას ემსახურება.

”სასამართლო ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან ყოველთვის კეთდებოდა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო ხელისუფლებას რეფორმის რთულ გზაზე ბევრი წინააღმდეგობა ჰქონდა, თუმცა მიზანი, რომლისკენაც ქართული მართლმსაჯულება ისწრაფვოდა, იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება. სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდა დინამიური პროცესია და სასამართლო ხელისუფლება არასდროს არ უნდა იყოს კმაყოფილი მიღწეული შედეგით”, - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება გამამტყუნებელი განაჩენების რაოდენობის მიხედვით სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის ინდექსის დადგენას, როგორც უზენაეს სასამართლოში აცხადებენ,  ქართული სასამართლოების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი და გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა უკვე ბევრჯერ გამოქვეყნებულა და დაინტერესებულ მხარეს მისი მოძიება სასამართლოს ვებგვერდებზეც შეუძლია.

”ევროპის რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, გამამტყუნებელი განაჩენების რიცხვი სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის პირდაპირპროპორციული ვერ იქნება. 2011-2012  წლების მონაცემებით, ფინეთში გამამართლებელი განაჩენები მხოლოდ 1,6% იყო, საფრანგეთში - 3,6%, დიდ ბრიტანეთში - 3,7%, ლატვიასა და ლიტვაში - 0,8% და 1,8%, ხოლო იაპონიაში გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა მხოლოდ 0,4%-ია”, -აღნიშნულია განცხადებაში.

სასამართლო ხელისუფლება მოუწოდებს ყველას, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებულ განცხადებებს უფრო ფრთხილად და ყურადღებით მოეკიდონ. ”კრიტიკა მისაღებია, მაგრამ იგი უსაფუძვლო და არაკომპეტენტურ ბრალდებებს არ უნდა ემყარებოდეს”, - აცხადებენ სასამართლოში. 

კომენტარები