სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

კალაძე: უცხოელი პოლიტიკოსების გამოხმაურებებში განსაკუთრებული არაფერია

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ პროკურატურაში ყოფილი პრეზიდენტის, ისევე როგორც ყოფილი მაღალჩინოსნების შესახებ გაჩენილი კითხვები ნებისმიერ სახელმწიფოში ჩვეულებრივი მოვლენაა. ამის შესახებ კალაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე  წერს.

”ცხადია, ეს პროცესი შეუქცევადია და მისმა ნებისმიერმა მხარდამჭერმა პოლიტიკურ ან სხვა სახის სპეკულაციებს არ უნდა მიმართოს. რაც შეეხება უცხოელი პოლიტიკოსების გამოხმაურებებს ამასთან დაკავშირებით - ეს სტანდარტული მინიშნებაა, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები სამართლებრივ ჩარჩოში მოქცეული დარჩეს, ხოლო ოდნავი გადაცდენა ქვეყანას რევანშის მორევში ჩაითრევს, რაც ეკონომიკის და დემოკრატიის განვითარებას ხელს შეუშლის”, - ნათქვამია კალაძის განცხადებაში.

მისივე თქმით, უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებში უცნაური და განსაკუთრებული არაფერია და ეს საქართველოს პოლიტიკურ კურსზე, დაგეგმილ ურთიერთობებზე არანაირად არ აისახება.

”ნაციონალური მოძრაობის წევრებს ვურჩევთ, დესტრუქციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ, რაც ზედმეტ დისკომფორტში აგდებს საზოგადოებას და მათ მიმართ აგრესიის აკუმულირებას იწვევს. ის საქმეები, რის გამოც სააკაშვილი დაკითხვაზეა დაბარებული, წლიდან წლამდე გადადიოდა როგორც პასუხგაუცემელი კითხვები და მაგალითი, თუ როგორ ირგებდა ხელისუფლება კანონს თავის თავზე. იმ წლებში სტრასბურგმა საქართველოდან საგანგაშო რაოდენობის საქმე მიიღო წარმოებაში, ეს მაჩვენებელია, რომ ნაციონალური რეჟიმის დროს არსებული უკანონობა გამოძიებას და სამართლიანობის აღდგენას საჭიროებს, რაშიც შესაბამისი ევროსტრქტურები აქტიურად გვეხმარებიან”, - აღნიშნავს კალაძე. 

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე 27 მარტსაა დაბარებული. გამოძიებას მასთან კითხვები ათ საქმესთან დაკავშირებით აქვს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში დაკითხვზე ჩამოსვლას არ აპირებს - ამის შესახებ მან ქართველ ჟურნალისტებს ჰოლანდიაში უთხრა. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებით შეშფოთებულია. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. 

კომენტარები