სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

ჯაფარიძე: აშშ-ის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ხელისუფლება უტიფრად იტყუებოდა

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებამ ცალსახად დაადასტურა, რომ თვეების განმავლობაში, ხელისუფლება მოსახლეობას უტიფრად ატყუებდა, თითქოს დასავლელი ლიდერები შეხვედრების დროს, არ მიუთითებდნენ ქვეყანაში პოლიტიკური დევნის და შერჩევითი სამართლის შეწყვეტის შესახებ.

"როგორც აღმოჩნდა, ამერიკის პრეზიდენტთან ყველზე მაღალი რანგის შეხვედრის დროსაც კი, პირადად ბატონმა ღარიბაშვილმა მიიღო ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ასეთი პრაქტიკა უნდა შეწყდეს, რადგან ეს იქნება დამღუპველი ქვეყნის მომავლისთვის" - თქვა ჯაფარიძემ.

კახეთის ყოფილი გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით კი, "თუ საქართველოს ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს შურისძიებისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების უგუნურ პოლიტიკას", გაიზრდება იმის საშიშროება, რომ ხელი შეეშალოს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან და NATO-ს სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებას.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე 27 მარტს არის დაბარებული. გამოძიებას მასთან კითხვები ათ საქმესთან დაკავშირებით აქვს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარებით შეშფოთებულია ამერიკის შეერთებული შტატები. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, არავინ არის კანონზე მაღლა, მაგრამ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ერთდროული დაწყება ყოფილი პრეზიდენტის მონაწილეობით ლეგიტიმურ შეშფოთებას აჩენს პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამართლებრივი და სასამართლო ინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფე მდგომარეობაშია. 

კომენტარები