სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

ფანჯიკიძე: სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას განვიხილავთ როგორც რჩევას

Facebook / maiapanjikidzeofficial

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას საქართველოს ხელისუფლება განიხილავს როგორც რჩევას. ფანჯიკიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებით შეშფოთებულია.

ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უცხოელ პარტნიორებს გარანტიას აძლევს, რომ აღნიშნული პროცესი სამართლიანად, კანონის უზენაესობის ფარგლებში წარიმართება.

”ჩვენ მას განვიხილავთ როგორც რჩევას. იქ არის ნათქვამი, რომ კანონზე მაღლა არავინ არ დგას, მაგრამ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რადგანაც ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ჯერჯერობით მყიფეა. მე ვფიქრობ, სწორედ ეს არის ამ განცხადების ამოსავალი წერტილი. რასაკვირველია, გასაგებია, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან კარგად იციან, თუ  როგორი სუსტი იყო სამართალდამცავი ორგანოები საქართველოში, როგორი სუსტი იყო სასამართლო, რომელსაც  მოქალაქეების წინააღმდეგ 99%  ლამის გამამტყუნებელი განაჩენი გამოჰქონდა.

აქ აქცენტი არის სწორედ იმაზე, რომ ყველაფერი უნდა წარიმართოს სამართლიანად, გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის ფარგლებში და სწორედ ეს არის ის, რისი გარანტიაც უნდა მივცეთ და ვაძლევთ კიდევაც ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. მთავარია, როგორ წარიმართება პროცესი, თორემ არავინ არ უარყოფს იმას, რომ კითხვებზე პასუხი გაცემული უნდა იყოს. თუ ამ შემთხვევაში ამ კითხვებზე პასუხი, პროკურატურის აზრით, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს აქვს, მაშინ,  რასაკვირველია, მან უნდა გასცეს  იმ კითხვებზე  პასუხი, რომელზეც სხვას პასუხის გაცემა არ შეუძლია ”,-აცხადებს მინისტრი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე 27 მარტსაა დაბარებული. გამოძიებას მასთან კითხვები ათ საქმესთან დაკავშირებით აქვს.საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში დაკითხვზე ჩამოსვლას არ აპირებს - ამის შესახებ მან ქართველ ჟურნალისტებს ჰოლანდიაში უთხრა.ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებით შეშფოთებულია. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. 

კომენტარები