კინო

როგორ შევიყვაროთ კინო 2014 წელს

2014 წელს კინოში დიდი წელი უნდა იყოს. კინოს უბრუნდებიან ძმები დარდენები, ახალ ფილმს იღებს თითქმის ყველა საინტერესო თანამედროვე ამერიკელი რეჟისორი. ნოა ბაუმბაჰი ახალ პროექტზე მუშაობას იწყებს, წლების შემდეგ პირველად, ტიმ ბარტონი გადაიღებს ფილმს, სადაც ჯონი დეპი არ თამაშობს. ჯონა ჰილი, სეტ როგენი და სამეგობრო ახალი კომედიით დაბრუნდებიან, მაიკლ ფასბინდერი მაკბეტს ითამაშებს, ქამბერბაჩი ალან ტიურინგი იქნება. ლინკლეიტერი, დევიდ ო. რასელი, მაიკლ მანი, დევიდ კრონენბერგი, „ცხოველთა სამეფოს” რეჟისორი დევიდ მიჩო ახალი ფილმებით ბრუნდებიან. მაყურებელი ტრიერის „ნიმფომანის” ხილვას შეძლებს. ამასთან ერთად, მრავალწლიანი შესვენების შემდეგ, პიტერ ბოგდანოვიჩი და როი ანდერსონი ახალ პროექტებზე მუშაობას იწყებენ, რომლებსაც სავარაუდოდ მომავალ წელს ვიხილავთ.

წარმოგიდგენთ 10 ყველაზე საინტერესო პროექტს, რომელიც 2014 წელს გამოვა.

10. მელიებზე მონადირე

(კანის, ვენეციის ან ტორონტოს კინოფესტივალი) ყოველ წელს გამოდის მინიმუმ ერთი ფილმი, რომელსაც გრძნობ „კინო-გუმანით”, რომ ძალიან კარგი უნდა იყოს. 2014 წელს ასეთი ფილმი ბენეტ მილერის „მელიებზე მონადირეა”. „მანიბოლისა” და „კაპოტეს” რეჟისორის ახალი პროექტი რეალურ ამბავს ეფუძნება. ის ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონის მარკ შულცის, მისი „შიზოფრენიკი” მწვრთნელის ჯონ დუ პონტისა და მარკის უფროსი ძმის, დეივ შულცის გარშემო ვითარდება. ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ და რატომ მოკლა დუ პონტმა დეივი.

„მელიებზე მონადირე” 2013 წლის ბოლოს უნდა გამოსულიყო, თუმცა მისი რელიზი გადაიდო და ახლა ფილმს კარგი შანსი აქვს, მომავალი წლის კინოფესტივალების ფავორიტად იქცეს. ტრეილერში სტივ კერელი ყველა ეპიზოდში შთამბეჭდავია და თუ გავითვალისწინებთ მის პერსონაჟს (დუ პონტს სწორედ ის თამაშობს), კომიკოსს კარგი შანსი აქვს, მინიმუმ ოსკარის ნომინაციას გამოკრას ხელი. კერელის გარდა, ფილმში მთავარ როლებს ჩანინგ ტატუმი და მარკ რაფალო ასრულებენ.

9. ჯიმის დარბაზი

(დიდი ალბათობით, კანის კინოფესტივალი) „ჯიმის დარბაზი” კენ ლოუჩის ბოლო ფილმი იქნება. ყოველ შემთხვევაში, ინგლისელი რეჟისორის თქმით, ის მხატვრული კინოს გადაღებას აღარ აპირებს. ფილმების – „კესი”, „ჩემი სახელია ჯოუ”, „ანგელოზთა წილი” შემქმნელი ბრიტანული კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახეა, რომლის ნებისმიერი პროექტი კინომოყვარულის ინტერესს უნდა იმსახურებდეს. „ჯიმის დარბაზი” მეოცე საუკუნის ირლანდიელ პოლიტიკურ აქტივისტზე, ჯიმი გრალტონზე მოგვითხრობს. ფილმის სიუჟეტზე ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა საჭირო არცაა, უბრალოდ იმედი ვიქონიოთ, რომ ლოუჩმა თავის ბოლო ფილმად საინტერესო პროექტი აირჩია და კინოდან თავაწეული წავა.

Nymphomaniac
ფოტო: Central Partnership
8. ნიმფომანი

(6 მარტი) ამ ფილმს ბევრი საუბარი არ სჭირდება. რეჟისორის სახელი, ფილმის ტრეილერი და მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მისი ნახვის სურვილი თითქმის ყველა კინომოყვარულს გასჩენოდა. ლარს ფონ ტრიერი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური რეჟისორია. მისი ფილმების გარშემო ხმაურის მატებასთან ერთად, ნამუშევრების ხარისხი სულ უფრო ეცემა. „ეპიდემიის”, „ევროპისა” და „იდიოტების” რეჟისორი, მოძრაობა დოგმა 95-ის სულისჩამდგმელი, დღემდე ევროპელი რეჟისორების ოლიმპოზე ზის, თუმცა ერთი ფეხის დაცდენა და მის ადგილს სხვა, იმედისმომცემი ხელოვანი დაიკავებს. ასე რომ, იმედი დავიტოვოთ, „ნიმფომანი” პორნოფილმი კი არა, ტრიერის მორიგი უცნაური კინოფანტაზია იქნება, ისეთი, როგორსაც კინოოსტატი 90-იან წლებში იღებდა.

7. ლევიათანი

(კანის ან ვენეციის კინოფესტივალი) ანდრეი ზვიაგინცევი ერთ-ერთი საუკეთესო რუსი რეჟისორია. მისი სამივე ფილმი „ელენა”, „განდევნა” და „დაბრუნება” თანამედროვე არტ-ჰაუსის ღირსეული წარმომადგენლები არიან, რომლებმაც სხვადასხვა დროს ვენეციისა და კანის კინოფესტივალების ჯილდოები მოიპოვეს.

„ლევიათანის” სიუჟეტი თანამედროვე ეპოქაში, გამოგონილ ქვეყანაში, რამდენიმე პერსონაჟის გარშემო განვითარდება და რეჟისორთან დაახლოებულ პირებს თუ დავუჯერებთ, ამბიციური პროექტია ადამიანის შინაგან სამყაროზე. რაზეც არ უნდა იყოს ფილმი, ზვიაგინცევი ნამდვილად იმსახურებს კინომაყურებლის ყურადღებას.

Noah
ფოტო: Paramount Pictures
6. ნოე

(28 მარტი) დარენ არონოვსკიმ მიაღწია იმას, რასაც ერთეული რეჟისორები ახერხებენ. მან ოცნების პროექტისთვის სასურველი ბიუჯეტი მიიღო და საბოლოო მონტაჟზე უფლება მოიპოვა – ანუ „ნოე” ზუსტად ისეთი იქნება, როგორც ეს ფილმების „პი”, „შადრევანი” და „შავი გედის” რეჟისორს სურს და არა ისეთი, როგორც პროდიუსერებს უფრო მისაღებად მიაჩნიათ.

„ნოე” ბიბლიური წარღვნის არონოვსკისეული ვერსია იქნება და თუ გავითვალისწინებთ რეჟისორის ფანტაზიას, შესაძლებლობებს, პრეტენზიულობასა და ეგოიზმს, ეს პროექტი შეიძლება უდავო შედევრი გამოვიდეს, ან აბსოლუტური ნაგავი აღმოჩნდეს, რომელიც კინოკომპანიისთვის კატასტროფად, არონოვსკისთვის კი სახელის გაფუჭების მიზეზად იქცევა.

ფილმის ტრეილერი არც ისე შთამბეჭდავია, თუმცა ვენდოთ რეჟისორის სახელს და იმედი ვიქონიოთ, რომ წინ სასიამოვნო სანახაობა გველოდება.

5. ორი დღე, ერთი ღამე

(დიდი ალბათობით, კანის კინოფესტივალი) რა მნიშვნელობა აქვს, რაზე იღებენ ფილმს დარდენები. ჟან-პიერმა და ლუკმა რასაც არ უნდა მოკიდონ ხელი, ყველაფერს ოქროდ აქცევენ. „ბიჭუნა ველოსიპედით”, „ვაჟი”, „ლორნას მდუმარება”, „როზეტა”, „ბავშვი”, „პირობა” – მათი ყველა ნამუშევარი ნამდვილი კინოზეიმია. „ორი დღე, ერთი ღამე” ოდნავ განსხვავებული ფილმი იქნება. განსხვავებული იმიტომ, რომ, როგორც წესი, დარდენებთან მთავარ როლს უცნობი მსახიობი ასრულებს ხოლმე, აქ კი ეკრანზე მარიონ კოტიარის ნახვას შეძლებთ, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით გამოწვეულ პრობლემებს უნდა შეეჭიდოს. ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ ძმებმა ამ „პრობლემასთან გამკლავება” ვერ შეძლონ და მორიგი ძალიან კარგი ფილმი არ გადაიღონ.

„ორი დღე, ერთი ღამე” თუ კანის კინოფესტივალისთვის გამზადებული იქნება, მას აუცილებლად ვიხილავთ საკონკურსო პროგრამაში, რადგან კანი ის ადგილია, სადაც ძმები დარდენები ყველზე მეტად უყვართ და აფასებენ. 

4. დაკარგული გოგონა

(3 ოქტომბერი) „დაკარგული გოგონა” ჯილიან ფლინის ამავე სახელწოდების ნოველის კინოეკრანიზაციაა, რომელიც ნიკ დიუნის ისტორიას მოგვითხრობს. დიუნის ამბავი ფსიქოლოგიური დრამაა, რომლის დროსაც შეუძლებელია ზუსტად გამოიცნოთ ფინალი, მოკლა თუ არა მთავარმა პერსონაჟმა თავისი მეუღლე. როდესაც საუბარი დეტექტიურ თრილერზეა, საუკეთესო ვარიანტი რეჟისორის სავარძელში დევიდ ფინჩერია. ადამიანი, რომელიც ახლა წარმატების ზენიტში იმყოფება და მისთვის ყოველი ახალი პროექტი გამოწვევაა, რათა რაღაც ახალი და განსხვავებული თქვას ამერიკულ კინოში. ისე, როგორც ეს „შვიდისა” და „სოციალური ქსელის” შემთხვევაში გააკეთა.

„დაკარგული გოგონა” მომავალი ოსკარების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი შეიძლება იყოს. ამისთვის ფინჩერმა იმაზე უფრო მეტად უნდა მოინდომოს, ვიდრე „გოგონა დრაკონის ტატუთი” შექმნისას, ანუ დიდებულ ვიზუალს პერსონაჟების უფრო ღრმა და საინტერესო განვითარება უნდა დაამატოს.

The Grand Budapest Hotel
ფოტო: 20th Century Fox
3. სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი

(7 მარტი) ამ ფილმმა ბერლინის კინოფესტივალზე ჟიურის გრანპრი მოიპოვა. თანამედროვე ამერიკული ინდი კინოს კლასიკოსისთვის ფესტივალებზე გამარჯვება უცხო ხილი არ არის. უეს ანდერსონი ის იშვიათი რეჟისორია, რომელიც წლებია თავის კინოენას არ ღალატობს, ერთ სტილში აკეთებს ფილმებს, რომლებიც, რატომღაც, მაინც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული გამოდის. „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტიც” კლასიკური ანდერსონის ფილმი იქნება. უამრავი პერსონაჟით, კაშკაშა ფერებით, რეალისტური ადამიანური ისტორიებით შეკოწიწებული, რომელსაც ნებისმიერი ასაკის მაყურებელი ერთნაირი სიამოვნებით ნახავს, თუმცა სრულიად სხვადასხვა ინტერპრეტაციას მისცემს.

2. ვარსკვლავთშორისი

(7 ნოემბერი) დღეს ჰოლივუდში კრისტოფერ ნოლანზე მოთხოვნადი რეჟისორი არ არსებობს. ყველაზე სასურველი მსახიობისკენ მიმავალ გზაზე კი მეთიუ მაკონაჰიმ წელს სერიოზული ნაბიჯები გადადგა. ჯერ ფილმში „მად” ბრწყინვალედ შეასრულა მთავარი როლი, ამ სტატიის გამოსვლისას, დიდი ალბათობით, „დალასის მყიდველთა კლუბისთვის” ოსკარი ექნება მოგებული და „ნამდვილ დეტექტივებში” ფენომენალური პერსონაჟი შექმნა. ნოლანმა კი თავის ახალ პროექტში მთავარი როლი სწორედ მას მიანდო. „ვარსკვლავთშორისი” „დასაწყისის”, „მემენტოსა” და ბეტმენის ტრილოგიის რეჟისორის გასაიდუმლოებული პროექტია, რომელზეც ბევრი არაფერია ცნობილი. ნოლანს უყვარს, როდესაც არაინფორმირებული მაყურებელი კინოში მიდის და იქ სიამოვნებას განიცდის. ამ საქმეში რეჟისორს ბადალი არ ჰყავს. ცნობილია ის, რომ ფილმი სამეცნიერო ფანტასტიკა იქნება და მოგვიყვება ადამიანის კოსმოსში მოგზაურობაზე. დანარჩენს რაც შეეხება, ნოლანის ოსტატობის იმედზე უნდა ვიყოთ, რეჟისორს მაყურებლისთვის იმედები არასოდეს გაუცრუებია.

Inherent Vice
ფოტო: Warner Bros.
1. Inherent Vice

(სავარაუდოდ, კანის კინოფესტივალზე) კითხვაზე, ვინ არის თანამედროვეობის საუკეთესო რეჟისორი, ჩემი პასუხი პოლ ტომას ანდერსონი იქნება. რეჟისორი, რომელმაც „მაგნოლია”, „ოსტატი”, „აქ სისხლი დაიღვრება” (There will be blood), „ბუგის ღამეები” გადაიღო.

Inherent Vice კრიმინალური შავი კომედია იქნება. ანდერსონის ფილმი კლასიკური ნუარი უნდა იყოს, რაც რეჟისორისათვის ახალი გამოწვევაა და საინტერესოა, როგორ გაართმევს თავს. ნამუშევარი კერძო გამომძიებლის ლარი დოკ სპორტელოს ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც თავისი ყოფილი გელფრენდისა და მისი ახალი შეყვარებულის გაუჩინარების საქმეს იძიებს.

პოლ ტომას ანდერსონმა პროექტში „ოსტატის” ვარსკვლავი ხოაკინ ფენიქსი მიიწვია. მასთან ერთად მთავარ როლებს ჯოშ ბროლინი, რიზ უიზერსპუნი, ოუენ უილსონი და ბენისიო დელ ტორო ასრულებენ. Inherent Vice მორიგი კინოგაკვეთილი უნდა იყოს, რომელსაც ბევრი მოსაწყენ და ერთფეროვან ფილმად აღიქვამს. ისევე, როგორც ეს წინა პროექტების შემთხვევაში ხდებოდა. 

პოპკორნ-კინო

დატვირთული წელი იქნება პოპკორნ კინოშიც, სადაც განსხვავებით წინა წლებისგან, მეტი ახალი პროექტი და პოტენციური ფრენჩაიზი იწყება. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი მარველის კომიქსების მოტივებზე გადაღებული ფილმი „გალაქტიკის გუშაგებია”.

წარმოგიდგენთ ხუთ ბლოკბასტერს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

Sin City: A Dame to Kill For
ფოტო: Dimension Films
5. ცოდვის ქალაქი: ქალი, რომლისთვისაც მკვლელობა ღირს

(22 აგვისტო) როგორც იქნა! ხუთ წელზე მეტია, რობერტ როდრიგესი და ფრენკ მილერი ფილმ „ცოდვის ქალაქის” გაგრძელების გადაღებას აპირებენ. სხვადასხვა მიზეზის გამო, პროექტი გაჭიანურდა და დღის სინათლეს მხოლოდ წელს, აგვისტოში იხილავს. „ცოდვის ქალაქი: ქალი, რომლისთვისაც მკვლელობა ღირს” ფრენკ მილერის გრაფიკული ნოველების მიხედვით იქნება გადაღებული და იმედია, როდრიგესი ამჯერადაც პირველწყაროს ერთგული დარჩება და სიქველი კვლავაც ვიზუალურად მიმზიდველი, სხარტი დიალოგები/მონოლოგებით გაჯერებული, სისხლიანი გამოვა. „ცოდვის ქალაქ ორში” მიკი რურკის, როზარიო დოუსონის, ჯესიკა ალბას, ბრიუს უილისის პერსონაჟები დაბრუნდებიან, მათთან ერთად კი ახალი გმირები გამოჩნდებიან.

4. ტრანსცენდენტურობა

(18 აპრილი) „ტრანსცენდენტურობა” საინტერესო რამდენიმე მიზეზის გამოა. 1) ფილმის რეჟისორი უოლი პფისტერია. ადამიანი, რომელიც კრისტოფერ ნოლანის დიდი ხნის მეგობარი და მისი ნამუშევრების ოპერატორია. პირდაპირ რომ ვთქვათ, ფილმი ვიზუალურად ძალიან კარგი უნდა იყოს. 2) „ტრანსცენდენტურობის” სცენარი 2012 წლის ე.წ. ჰოლივუდის შავ სიაში მოხვდა. ამ სიაში კი ყოველ წელს ის საუკეთესო სცენარები ხვდება, რომელთა დაფინანსებაზეც ჰოლივუდმა უარი თქვა. 3) ნამუშევრის სინოფსისი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება და შეიძლება საინტერესო სამეცნიერო ფანტასტიკა ვიხილოთ. ფილმის სიუჟეტი პროფესორ უილ ქასთერზე მოგვითხრობს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის თემაზე მუშაობს, თუმცა ტექნოლოგიის განვითარების წინააღმდეგ მებრძოლი ექსტრემისტები მას თავს ესხმიან. ქასთერი კომაში ჩავარდება, მეუღლისა და მეგობრის დახმარებით კი ექსპერიმენტის ნაწილი გახდება. მისი ტვინიდან აღებული მონაცემებით ქასთერს კომპიუტერში გააცოცხლებენ, თუმცა მთავარი პრობლემებიც სწორედ აქ იწყება.

P.S. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ჯონი დეპი ასრულებს, ეს კი ნამდვილად ცუდის ნიშანია. ბოლო წლებში ეს მსახიობი ერთმანეთზე უარეს პროექტებში მონაწილეობს და ერთ-ერთ ყველაზე ერთფეროვან არტისტად ჩამოყალიბდა, რომელიც წლებია, ყველგან ჯეკ ბეღურას როლს ასრულებს.

3. გამოსვლა

(12 დეკემბერი) „გამოსვლა” ბიბლიურ თემატიკაზე შექმნილი ეპიკური ფილმი უნდა იყოს. რიდლი სკოტი, სულ ცოტა, ამას ჰპირდება მაყურებელს. ამბავი მოსეზე მოგვითხრობს, რომელიც ებრაელებს ეგვიპტელების მონობისგან გაათავისუფლებს. ფილმი ბიბლიის მეორე წიგნის პირდაპირი ეკრანიზაცია არ იქნება და რიდლი სკოტისეული ინტერპრეტაცია უნდა გამოვიდეს, ეს კი ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებს.

რაც უნდა ჩავარდნა ჰქონდეს რიდლი სკოტს, მისი ყოველი ახალი პროექტი მაინც საინტერესოა. მით უმეტეს, როცა ფილმში მთავარ როლს კრისტიან ბეილი ასრულებს. მის გარდა კი, პროექტში აარონ პოლი, ბენ კინგსლი, ჯოელ ეჯერტონი, ჯონ ტურტურო და სიგურნი უივერი მონაწილეობენ.

X-Men: Days of Future Past
ფოტო: Twentieth Century Fox
2. იქს ადამიანები: მომავლის წარსული დღეები

(23 მაისი) „იქს ადამიანები: პირველი კლასი” კარგი პოპკორნ ფილმი იყო. მეთიუ ვონმა ერთ-ერთი საუკეთესო კომიქსების ეკრანიზაცია გადაიღო და პროექტი დატოვა. მისი ადგილი კი ბრაიან სინგერმა დაიკავა, რომელიც ძველი „იქს ადამიანების” სულისჩამდგმელია და რომელსაც ყველაზე კარგად ესმის „მუტანტების თემა”. „მომავლის წარსული დღეები” როგორც ძველ, ასევე ახალ გმირებს გააერთიანებს. ერთ ფილმში საშუალება გექნებათ როგორც იან მაკელენის, ასევე მაიკლ ფასბინდერის მაგნიტო, ჯეიმს მაკევოისა და პატრიკ სტიუარტის პროფესორი იქსი იხილოთ. ფილმის სიუჟეტი შორეულ მომავალსა და წარსულში ერთდროულად განვითარდება. მთავარი გმირების ამოცანაა შეცვალონ მომავალი, სადაც მუტანტებს განადგურება ემუქრებათ.

1. ჰობიტი: იქ და ისევ უკან

(13 დეკემბერი) პიტერ ჯექსონის „ბეჭდების მბრძანებელი” კლასიკაა. „ჰობიტი” კარგი ფენტეზი ფილმი, მეორე „ჰობიტი” სამსაათიანი ტრეილერი, რომელიც ამ მესამე ფილმისთვის გვამზადებს და ჯექსონი უბრალოდ ვალდებულია, ტოლკინის მოყვარულებისთვის, ფენტეზის გურმანებისთვის და უბრალოდ კინომოყვარულთათვის ეპიკური, შთამბეჭდავი დასკვნითი ნამუშევარი გადაიღოს, რომელიც ყველას დაავიწყებს იმას, რომ 300-გვერდიანი წიგნი, რატომღაც, ტრილოგიად გადაიღეს. ეს ერთგვარი ბოდიში იქნება მაყურებლისთვის, რომელიც „ჰობიტი ორით” გაწბილებული დარჩა.

„ჰობიტის” დასკვნით ნაწილში ფილმის მთავარმა გმირებმა დრაკონი სმაუგი უნდა დაამარცხონ, ნეკრომანსერს დაუპირისპირდნენ და შუამიწეთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ბრძოლაში მიიღონ მონაწილეობა.

ის, რაც 2013 წელს ვერ ვნახეთ

ყოველ წელს არაერთი ფილმი გამოდის, რომლის დაუსრულებელ ვერსიას რომელიმე კინოფესტივალზე აჩვენებენ ან უკვე საბოლოოდ გამზადებული პროექტის გამოსვლის თარიღი მომდევნო წელს გადადის. 2013-ში საკმაოდ ბევრი მსგავსი საინტერესო პროექტი გამოვიდა, რომელიც კინომაყურებლის ყურადღებად ღირს და სასურველია, ვნახოთ.

წარმოგიდგენთ ხუთ საუკეთესო ფილმს, რომლის ოფიციალური რელიზის თარიღი 2013 წელია, თუმცა შარშან მისი ნახვა მხოლოდ „რჩეულებმა” მოახერხეს.

Zero Theorem
ფოტო: Amplify
5. ნულოვანი თეორემა

(წლის პირველ ნახევარში) ოდესღაც ტერი გილიამი „მეფე მეთევზე იყო”, „ბრაზილიაში ცხოვრობდა”, „12 მაიმუნი ჰყავდა” და „მონტი პითონის” შემქმნელებთან მეგობრობდა. გავიდა დრო, გილიამი ყველაზე უიღბლო რეჟისორად იქცა, რომელსაც არასოდეს არაფერში უმართლებს. მისი ყველა პროექტი ნამდვილ კატასტროფად იქცევა ხოლმე, გადაღებების დროს მუდამ პრობლემებია, რომელიც შემდეგ ნამუშევარზეც აისახება.

„ნულოვანი თეორემა” ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც რეჟისორმა ისე გააკეთა, დიდი შეფერხებები არ ჰქონია. იმედი ვიქონიოთ, სამეცნიერო ფანტასტიკაში დაბრუნება მასზე დადებითად იმოქმედებს და ოდესღაც დიდი რეჟისორი საკუთარ სახელს დაიბრუნებს.

4. ორეული

(4 აპრილი) რიჩარდ აიოადი კინოში ფილმ „წყალქვეშა გემით” გამოჩნდა. რომანტიკული, თინეიჯერული დრამა ორიგინალური, ინდი ნამუშევარი იყო, კარგი მუსიკალური გაფორმებით და ნიშნებით, რომ აიოადის სახით გამოჩნდა რეჟისორი, რომელსაც თვალყური უნდა ვადევნოთ.

შარშან აიოადი ხმაურით დაბრუნდა. სახიფათო პროექტს მოკიდა ხელი და საინტერესოა, რა გამოუვიდა. „ორეული” დოსტოევსკის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმია, რომლის მთავარი პერსონაჟიც საიმონია (ჯესი ეიზენბერგი). ის დეპრესიული ტიპია, რომელსაც სამსახურში არ უმართლებს, დედასთან საშინელი ურთიერთობა აქვს, ოცნების ქალს არ აინტერესებს და, რაც ყველაზე ცუდია, არ აქვს ნებისყოფა, რამე შეცვალოს. ყველაფერი ღამის კოშმარს ემსგავსება, როდესაც მის ცხოვრებაში ჯეიმსი გამოჩნდება. მამაკაცი, რომელიც ფიზიკურად სწორედ მისი ანალოგია და ბედის ირონიით, საიმონის ყველა მინუსი მისი ძლიერი მხარეა. აიოადის ფილმს სხვადასხვა ფესტივალზე ძალიან კარგი გამოხმაურებები ჰქონდა და დოსტოევსკის კლასიკური ნაწარმოების ღირსეული კინოეკრანიზაცია უწოდეს.

Enemy
ფოტო: Rhombus Media
3. მტერი

(6 თებერვალი) 2013 წელს დენის ვილნევმა ჰოლივუდის კარი ხმაურიანად შეაღო. მისი ფილმი „ტუსაღები” მაყურებელმა და კრიტიკოსებმა ძალიან თბილად მიიღეს, მეორე ნამუშევარი „მტერი” კი ჯერ თითქმის არავის უნახავს, რადგან ოფიციალური რელიზი წელს აქვს. ვილნევის ორივე პროექტი ტორონტოს კინოფესტივალზე აჩვენეს. რეჟისორი ჰიჩკოკისა და ლინჩის ჰიბრიდია. ფილმში ატმოსფერო, განათება, მუსიკა, პერსონაჟების განვითარება და სიუჟეტის ხაზი, სწორედ ამ რეჟისორების ნამუშევრებს გაგახსენებთ. „მტერი” ჟოზე სარამაგოს ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. ისევე, როგორც „ტუსაღების” შემთხვევაში, აქაც მთავარ როლს ჯეიკ გილენჰაალი ასრულებს. მისი პერსონაჟი ტელევიზორში თავის ორეულს ნახავს, დოპელგანგერს, რომელიც მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს.

ვილნევი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ მისი მორიგი პროექტი ვნახოთ.

2. ჩემს კანქვეშ

(4 აპრილი) ჯონათან გლეიზერის ახალ ფილმს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. კინოკრიტიკოსთა ნაწილი ნამუშევარს პრეტენზიულს და პათოსით გაჟღენთილს უწოდებს, მეორე ნაწილის აზრით კი, „ჩემს კანქვეშ” იშვიათი ნამუშევარია, რომელიც თავისი ორიგინალურობითა და ოსტატური რეჟისურით ძლიერი სიურრეალისტური ფილმია. ერთადერთი, რაზეც ყველა შეთანხმდა, სკარლეტ იოჰანსონის შთამბეჭდავი პერფორმანსია, რომელიც მის კარიერაში საუკეთესოა.

„სექსუალური ურჩხულის” რეჟისორის ახალი ნამუშევარი დრამაა უცხოპლანეტელზე, რომელიც დედამიწაზე მაყურებლისთვის უცნობი მიზნებით ჩამოვიდა. მის ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება, როდესაც შემთხვევით ერთ ადამიანს გაიცნობს და მოგზაურობას ადამიანის შინაგან სამყაროში დაიწყებს.

Snowpiercer
ფოტო: Moho Films
1. Snowpiercer

(წლის მეორე ნახევარში) XXI საუკუნის კინოში ბონგ ჩჟუნ ჰო ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორია, რომელსაც თავისი უნიკალური სტილი აქვს და ვისთვისაც არ არსებობს (ჯერჯერობით) ჟანრი, სადაც თავს კომფორტულად არ გრძნობს. ბონგ ჩჟუნ ჰოს ფილმი „მკვლელის მოგონებები” საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო დეტექტიური დრამაა, რომელიც ბოლო 20-30 წელიწადში დიდ ეკრანებზე გამოსულა. სწორედ მისი გადაღებულია The Host, კორეული შავი კომედია, რომელიც ჟანრის კლასიკაა.

ბონგ ჩჟუნ ჰოს ახალი ნამუშევარი Snowpiercer სამეცნიერო ფანტასტიკაა, რომელიც ახლო მომავალში მომხდარ ტექნოლოგიურ კატასტროფაზე მოგვითხრობს. კატასტროფის შემდეგ დედამიწაზე სიცოცხლე შეუძლებელი ხდება, კაცობრიობა განადგურების წინაშე დგას. სიცოცხლე მხოლოდ მატარებელშია, რომელიც გაუჩერებლად მოძრაობს წრეზე. პირველ ვაგონში ელიტა ფუფუნებაში ცხოვრობს, ბოლო ვაგონებში კი ეპიდემია და სიღარიბე მეფობს. რევოლუცია გარდაუვალია. Snowpiercer ჯერ კიდევ შარშან უნდა გამოსულიყო, თუმცა ფილმის ამერიკული რელიზი გაჭიანურდა, მიზეზი ძმები ვაინშტაინები გახდნენ, რომლებიც ნამუშევრის საბოლოო ვერსიიდან 20 წუთის ამოღებას ითხოვენ, ჩჟუნ ჰო კი ამის სასტიკი წინააღმდეგია. გადაწყდა, რომ ევროპასა და აზიაში ფილმის რეჟისორისეული ვერსია გამოვა, ხოლო აშშში – ვაინშტაინების დამონტაჟებული. ყველას გირჩევთ ბონგ ჩჟუნ ჰოს ვერსია ნახოთ, ის, რომელიც უფრო გრძელი და სრულყოფილი იქნება, ვერსია, რომელმაც კრიტიკოსების უმაღლესი შეფასებები და შემდეგი სიტყვები დაიმსახურა – ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო ფანტასტიკა.

P.S. რეჟისორების მაიკლ ლი, ჟან იმოუ, ტომას ვინტერბერგისა და როი ანდერსონის ნამუშევრები 2014 წელს გამოვა. სტატიის წერის დროს ეს ინფორმაცია ცნობილი არ იყო. ეს რეჟისორები (მაიკლ ლი და ვინტერბერგი მაინც) ამ სიაში აუცილებლად მოხვდებოდნენ.

კომენტარები