სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

ბარამიძე: მთავრობა ეროვნული ინტერესების წინაშე დანაშაულს ჩადის

timer.ge

”უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის ფონზე საქართველოს მთავრობა ეროვნული ინტერესების წინაშე დანაშაულს ჩადის”,-ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე აცხადებს. ბარამიძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა დღეს იმ პრობლემების მოგვარებით უნდა იყოს დაკავებული, რაც ქვეყნის წინაშე დგას და არა ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლით.

”იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის ყველა ძალის კონსოლიდაცია მოხდეს, რადგანაც რუსეთის აგრესიის მორიგი ტალღა გვიახლოვდება, მთავრობა დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლით და იმ ქმედებებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას აშკარად ხელს უშლის, თავისი წარმატებული გზა გააგრძელოს, ეს გზა ევროკავშირთან და NATO-სთან ინტეგრაციის კუთხით რაც შეიძლება სწრაფი უნდა იყოს”,-აცხადებს ბარამიძე.

ბარამიძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებით შეშფოთებულია. 

”როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს, ასევე ევროპის არაერთ ლიდერს და გავლენიან პიროვნებას, ადრეც და სამწუხაროდ, ახლა, სააკაშვილის პროკურატურის მიერ დაბარების შემდგომ, კიდევ ერთხელ დაჭირდა, საქართველოს მთავრობისთვის შეეხსენებინა, რომ მისი ამოცანა პოლიტიკური ვენდეტა არ უნდა იყოს, ის უნდა იყოს დაკავებული ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგავრებით და განსაკუთრებით უკრაინის ოკუპაციის და აგრესიის ფონზე ქვეყნის ძალების კონსოლიდაციით, იმისათვის, რომ საქართველომ იმ შემოტევას გაუძლოს, რომელი შემოტევაც  რუსეთის მხრიდან ახლოვდება”,-აცხადებს ბარამიძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე 27 მარტსაა დაბარებული. გამოძიებას მასთან კითხვები ათ საქმესთან დაკავშირებით აქვს.საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში დაკითხვზე ჩამოსვლას არ აპირებს - ამის შესახებ მან ქართველ ჟურნალისტებს ჰოლანდიაში უთხრა.ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებით შეშფოთებულია. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. 

კომენტარები