ზურაბ ჟვანიას საქმე

გოგორიშვილი: ჟვანიას მეუღლეს სურდა, საქმე არ გასაჯაროებულიყო

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას მეუღლემ  ნინო ქადაგიძემ ითხოვა, რომ ჟვანიას გარდაცვალების საქმის მასალები არ გასაჯაროებულიყო. დეპუტატმა რუსთავი 2 -ის გადაცემა პოზიციაში აღნიშნა, რომ ის საქმის მასალებს ნინო ქადაგიძესა და დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანთან ერთად გაეცნო.

 "ალბათ გაჩნდება კითხვა, რატომ გაეცნო ხათუნა გოგორიშვილი ამ მასალებს. მაშინ, როდესაც მე პროკურატურაში წავედი, დამირეკა ნინო ქადაგიძემ და მთხოვა, რომ წავყოლოდი. როგორც ნინომ  მითხრა, მას დაურეკა იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა და მიიწვია მასალების გასაცნობად. ნინოს შეკითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა მას ახლდეს ვინმე თან, პასუხი იყო,  რომ შეეძლო მიეყვანა ვისაც საჭიროდ ჩათვლიდა. მე და მიხეილ მაჭავარიანი ვახლდით და სამნი  ერთად გავეცანით ამ მასალებს, დასკვნას და ფოტომასალას, რისი ნაწილიც იყო ატვირთული Youtube-ზე. მაშინ ნინომ დასვა ასეთი შეკითხვა, არსებობს თუ არა აუცილებელი პროცედურა იმისათვის, რომ გასაჯაროვდეს მასალები,  კანონის რომელიმე ნორმა ხომ არ არის, რომელიც ითხოვს სავალდებულო გასაჯაროებას, რაზეც ზურამ უპასუხა, რომ სავალდებულო გასაჯაროებაზე მსჯელობა მხოლოდ ოჯახის, დაინტერესებული მხარის მოთხოვნით შეიძლებოდა. მაშინ იყო საუბარი, რომ პირიქით, ნინოს სურვილია, ეს მასალები არ გასაჯაროვდეს. ადეიშვილის პასუხი იყო,  სანამ ჩვენი ხელისუფლება იქნება, არ გასაჯაროვდებაო. ეს პირობა ნამდვილად შევასრულეთ.

ამის შემდეგ რაც არ უნდა მკითხოთ, რა არის იმ დოკუმენტებში, რა ეწერა, რა წავიკითხე, მე  არ გავცემ ამ შეკითხვებს პასუხს.  მე ვიყავი ნინოს გვერდით,  როცა მან თქვა, რომ არ უნდა გასაჯაროება. ამ პირობის დამცველი ვარ და ვიქნები. ამ პირობის შეცვლა მისი  პრეროგატივაა. რამდენად შეასრულებს ოჯახის და მეუღლის პირობას ეს ხელისუფლება, ეს მათი გადასაწყვეტია", - აღნიშნა გოგორიშვილმა.

ცნობისთვის,  YOUTUBE-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. Zurab Zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია) აიტვირთა. ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოები. ფოტოებზე ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ვიდეო Hakim Pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ემსახურება მიზანს, რომ ხელი შეეშალოს გამოძიებას. უწყების ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყნის საექსპერტო დაწესებულებებთან და უახლოეს მომავალში გვამების ექსჰუმაცია მოხდება.

კომენტარები