ზურაბ ჟვანიას საქმე

ადვოკატი: ჩაჩუას სრული უფლება აქვს, მოითხოვოს კომპენსაცია, ის უკანონო პატიმარი იყო

სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა
news.accept.ge

სამედიცინო ექსპერტის ლევან ჩაჩუას ადვოკატის ზურაბ ტაბიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერმინისტრი ზურაბ ჟვანია უბედური შემთხვევის მსხვერპლი იყო. ტაბიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს უფლება აქვს, კომპენსაცია მოითხოვოს, რადგან ის 8 თვის მანძილზე, უკანონო პატიმარი იყო.

"უზენაესმა სასამართლომ, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა პროკურატურის საჩივარი და არ დაუშვა განსახილველად. განჩინება ჯერ არ ჩაგვბარებია, უნდა ჩაგვბარდეს მიღებიდან ხუთი დღის განმავლობაში. ლევან ჩაჩუა იყო უკანონო პატიმარი, მას კანონით აქვს სრული უფლება, მოითხოვოს კომპენსაცია, შელახული უფლებებიდან გამომდინარე. გამორიცხულია, რომ ზურაბ ჟვანია იყოს მოკლული, ის არის უბედური შემთხვევის მსხვერპლი ანუ გაზით მოწამვლის", - ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ საქართველოს ექსპრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის საჩივარი წარმოებაში არ მიიღო, რითიც ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ჟვანიას საქმის სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა საქმეში უდანაშაულო იყო. 

ყოფილი პრემიერის საქმის ექსპერტს პროკურატურა სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ჩაჩუამ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზა არაჯეროვნად ჩაატარა, შესაბამისად, მცდარი იყო მაშინდელი დასკვნა, რომ ექსპრემიერი ბუნებრივი აირის გაჟონვით გარდაიცვალა.

ჩაჩუა აღნიშნულ პერიოდში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების უფროსი იყო.

ლევან ჩაჩუას რვა თვის მანძილზე პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. 2014 წლის ნოემბერში, მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს. ბრალდების მტკიცებულებები სამივე ინსტანციის სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია.

საქართველოს პრემიერმინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს, გამთენიისას საბურთალოს 53-ში მდებარე ბინაში, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე რაულ უსუპოვთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ პრემიერისა და უსუპოვის გარდაცვალება მხუთავმა აირმა გამოიწვია.

კომენტარები