ზურაბ ჟვანიას საქმე

მარგველაშვილი: სამწუხაროა, რომ პასუხი არ არის გაცემული ზურაბ ჟვანიას მკვლელობის თაობაზე

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ზურაბ ჟვანიას "მკვლელობის თაობაზე პასუხი არ არის გაცემული".

9 დეკემბერს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა, წელს ის 55 წლის გახდებოდა. მარგველაშვილმა ამ თარიღის აღსანიშნავად მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.

"დღეს ზურას 55 წელი შეუსრულდებოდა. 13 წელიწადი გავიდა მისი გარდაცვალებიდან, თუმცა მისი სიკვდილის გამო ტკივილი არც განელებულა და სამწუხაროდ, არც ბოლომდე გვინახავს გამოძიების შედეგი. ეს მართლაც არასასიამოვნოა, რომ ჩვენ ბოლომდე არ ვიცით და პასუხი არ არის გაცემული ამ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ლიდერის მკვლელობის თაობაზე. არ განელებულა არც ზურას, როგორც სტრატეგიული აზროვნების პოლიტიკოსის საჭიროება", - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით თქვა გიორგი მარგველაშვილმა და ჟვანიას ოჯახის მიმართ თანადგომა გამოხატა.

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა. მიზეზად იმავე დღეს ბუნებრივი აირით მოწამვლა დასახელდა. გამოძიება ჩაატარა FBI-მაც და ანალოგიური დასკვნა დადო, თუმცა, საქმეზე სპეკულაციები არ შეწყვეტილა. ჟვანიას საქმეზე ხელახალი გამოძიება ქართული ოცნების ხელისუფლებამ 2014 წელს დაიწყო.

კომენტარები