სანქციები რუსეთს

ევროკავშირისა და ამერიკის შემდეგ, რუსეთს სანქციები იაპონიამაც დაუწესა

ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იაპონიამაც დააწესა.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფუმიო კისიდას თქმით, იაპონიის მთავრობა არ აღიარებს ყირიმის რეფერენდუმს, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველთა 95%-ს რუსეთთან შეერთება სურს.

კისიდამ განაცხადა, რომ იაპონია აჩერებს რუსეთთან მოლაპარაკებებს სავიზო რეგულაციების გამარტივების შესახებ. მინისტრის განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ასევე ითვალისწინებს საინვესტიციო თანამშრომლობაზე მოლაპარაკებების შეჩერებას, ასევე სახიფათო სამხედრო ქმედებების აღკვეთისა და კოსმოსის ათვისების საკითხებში თანამშრომლობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების შეჩერებას.

"იაპონია მოითხოვს, რომ რუსეთმა დაიცვას საერთაშორისო კანონმდებლობა, პატივი სცეს უკრაინის ერთიანობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკან წაიღოს ყირიმის დამოუკიდებლობის აღიარება და არ დაიწყოს ყირიმის ანექსიის პროცესი", - წერია მინისტრის განცხადებაში.

რუსეთმა კი ყირიმის ანექსიის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ყირიმის რუსეთთან შეერთების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. მანამდე პუტინმა ხელი მოაწერა დოკუმენტს ყირიმის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების თაობაზე. დღეს სახელმწიფო სათათბირომ დადგენილება მიიღო, რომლითაც ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს მხარდაჭერა გამოუცხადა. დღეს პუტინი ფედერაციის საბჭოს წინაშე საგანგებო მიმართვით გამოვა, რა დროსაც, რუსული წყაროების ცნობით, ხელი მოეწერება დოკუმენტს ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში მიღების შესახებ.

გადაწყვეტილება ვლადიმირ პუტინმა ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ შემოღებული სანქციების მიუხედავად მიიღო. ვაშინგტონმა პერსონალური შეზღუდვები 11, ევროკავშირმა კი 21 რუს და ყოფილ უკრაინელ მოხელეს დაუწესა. მათ შორის არიან რუსეთის პარლამენტისა და მთავრობის წევრები, პუტინის მრჩევლები და სამხედრო პირები, თუმცა სიაში არცერთი უმაღლესი თანამდებობის პირი არ შევიდა. ევროკავშირიც და ამერიკაც სანქციების გაფართოებაზე საუბრობენ, თუ რუსეთი თავის ქმედებებს არ შეწყვეტს. ევროპაში რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გადახედვაზეც მსჯელობენ.

კომენტარები